20:32 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჩვენ და ბუნება (42)
450062

ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ მას შეუძლია ადამიანის ჭკუიდან შეშლა, მეხსიერების დაკარგვა და გაშმაგება.

შუა საუკუნეების გერმანიაში ლენცოფა სასმელების თრობის ეფექტის გასაძლიერებლად ფართოდ გამოიყენებოდა, მაგრამ რადგან მოწამვლის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ სასმელში მისი დამატება აკრძალა.

ლენცოფა (Hyoscyamus niger) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. არის ორწლიანი ბალახოვანი მცენარე ღერძიანი ფესვით. ფოთლები რბილი და წებოვანია. აქვს საკმაოდ მსხვილი ყვავილები. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ნაყოფი ორბუდიანი, მრავალთესლიანი დოქისებრ ჯამში მოთავსებული კოლოფია. მთელი მცენარე შხამიანია.

ლენცოფა
ლენცოფა

ლენცოფას 20-მდე სახეობაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და კანარის კუნძულებზე. საქართველოში იზრდება 3 სახეობა, მათ შორის მნიშვნელოვანია შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger).

ლენცოფა იზრდება გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. აქვს უსიამოვნო სუნი და შეიცავს ალკალოიდებს — ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს – ბარის ჩხამაი, ბატბატა, ლემა, ლემი, ლემცოფა, ლემხურა, ლორცოფინა, თუთუნი ტყისა, ჯამია, ღრიანცოფა, საბაკნია, საპინა, საქოთნია, საჯამია, ტყის თუთუნი, ძაღლაფსელა.

როგორც აღვნიშნეთ, მცენარე შხამიანია, განსაკუთრებით მისი თესლი. 

ის უძველესი დროიდან არის ცნობილი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე, რომლის არასწორი გამოყენება შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ მას შეუძლია ადამიანის ჭკუიდან შეშლა, მეხსიერების დაკარგვა, გაშმაგება. ლენცოფას არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, სწორედ ამ თვისებას იყენებდნენ შუა საუკუნეებში ე.წ. კუდიანების მალამოს შემადგენლობაში. ძველ ბალტიელ ხალხს ჰყავდა განსაკუთრებულ მეომართა ჯგუფი – მგელი ღმერთის მსახურები, რომლებიც ომში წასვლის წინ ლენცოფას ნაყენს სვამდნენ და ბრძოლის დროს თავი მგლებად მიაჩნდათ. გადმოცემის თანახმად, მეომარი–მგლები იმდენად მრისხანენი იყვნენ, რომ იარაღი არც სჭირდებოდათ და მტერს ფარებით უმკლავდებოდნენ.

ძველად ასეთ სამხედრო ხრიკსაც იყენებდნენ: როდესაც საბრძოლო ბანაკს ტოვებდნენ, მხედართმთავრები მტერს ღვინის მარაგს უტოვებდნენ, რომელშიც სპეციალურად ლენცოფა იყო შერეული. მტერი სვამდა დატოვებულ ღვინოს, ბრუვდებოდა და იძინებდა, ხოლო „გაქცეული“ მეომრები ბრუნდებოდნენ და მტერს ანადგურებდნენ.

ლენცოფას თესლი დოქისებრ ჯამშია მოთავსებული
ლენცოფას თესლი დოქისებრ ჯამშია მოთავსებული

შუა საუკუნეების გერმანიაში ლენცოფას სასმელების თრობის ეფექტის გასაძლიერებლად ფართოდ გამოიყენებოდა, მაგრამ რადგან მოწამვლის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ სასმელში ლენცოფას დამატება აკრძალა.

მსოფლიოს ხალხურ მედიცინაში ლენცოფას სხვადასხვა სახით (ნაყენის, ექსტრაქტის, მალამოს) სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. მაგალითად, ციმბირის წყლულის, დიფტერიის, ჩუტყვავილას დროს. ასევე ცოფიანი ცხოველის კბენისას, როგორც დეტოქსიკაციის საშუალებას.

ლენცოფა ხალხურ მედიცინაში ძირითადად გამოიყენება, როგორც სედატიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, ანალგეტიკური პარკინსონიზმისას, ნევრალგიის, ნიმფომანიის, კრუნჩხვების, თავის ტკივილის, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ისტერიის, შარდის ბუშტის სპაზმების, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, რევმატიზმის დროს. მის ექსტრატს იყენებენ ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს.

ასევე, კანისა და ვენერიული დაავადებების, ეგზემის, ფურუნკულების, პოდაგრის, საშვილოსნოს ყელის კუნთების სპაზმების, ოტიტის, დაჟეჟილობების (მალამოს სახით) და სხვა.

ლენცოფა ბევრი მედიკამენტის შემდგენლობაში შედის. მის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები ასევე გამოიყენება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ზღვისა და საჰაერო ავადმყოფობის დროს, ასევე მენიერის დაავადებისას (შიგნითა ყურის პათოლოგია). ხანდახან ამ პრეპარატებს ხმარობენ სახეზე პლასტიკური და ზედა სასუნთქი გზების ოპერაციების დროს.

ლენცოფას გამოყენების რამდენიმე ხერხი:

ძლიერი შინაგანი ტკივილისა და ეპილეფსიის დროს: 1,25 გრამი ლენცოფას დაქუცმაცებული ფოთოლი და ½ ჭიქა მდუღარე წყალი უნდა ადუღოთ, სანამ არ აორთქლდება და მასა შესქელებული არ გახდება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზ წყალში გაზავებული ექსტრაქტის 1–2 წვეთი დღეში სამჯერ.

შინაგანი ძლიერი ტკივილის, კუჭ–ნაწლავის კოლიკებისას: 15 გრამ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 100 მლ 70%–იანი სპირტი. გააჩერეთ 8 დღე ბნელ ადგილზე. გადაწურეთ. მიიღეთ ერთ სუფრის კოვზ წყალში გახსნილი 2 წვეთი დღეში სამჯერ.

პოდაგრის, რევმატიზმის, ნევრალგიური ტკივილებისას შესაზელად: 30 გრამი დაქუცმაცებული თესლი შეურიეთ 100 მლ მზესუმზირის ზეთს, გააჩერეთ 8–10 დღე ბნელ ადგილზე.

გაითვალისწინეთ: არ მიიღოთ ლენცოფას ნახარში, ნაყენი და სხვა ექიმის გარეშე, ასევე მასზე დამზადებული პრეპარატები. ლენცოფას გამოყენებით მოწამვლა ძალზე სწრაფად ვითარდება, დაახლოებით 10 წუთში. დამახასიათებელი ნიშნებია თვალის გუგების გაფართოება, გულის მუშაობის გახშირება, სახისა და კისრის კანის ჰიპერემია, ხმის ჩახრინწვა, თავის ძლიერი ტკივილი. შეიძლება დადგეს კომატოზური მდგომარეობა. პირველივე ნიშნების შემჩნევისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მის მოსვლამდე კი რეკომენდებულია კუჭის გამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკის“) სუსტი ხსნარით, ასევე მიიღეთ აქტივირებული ნახშირი.

 

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

თემები:
ჩვენ და ბუნება (42)

მთავარი თემები