03:58 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (117)
83 0 0

ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ მუცლის ტკივილს ხშირ შემთხვევაში შფოთვა იწვევს, რაც შეიძლება ჯერ დეპრესიაში, შემდეგ ფსიქიკურ დარღვევებში გადაიზარდოს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს შეჯიბრების, კონკურსისა თუ სხვა ტიპის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა მათი შფოთვისა და სტრესის დონე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს, აცხადებს სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს (Seattle Children's) ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი და მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ ესაუბრება.

სპეციალისტი მათ უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას, ვინაიდან თურმე ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ სწორედ შფოთვა (რაც მუცლის ტკივილს იწვევს) ხდება დეპრესიის მიზეზი ბავშვებში, რაც, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველია.

ექიმის თქმით, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ქცევითი, ემოციური ან ფიზიკური. 

იმისათვის, რომ მსგავსი გართულებები თავიდან ავიცილოთ, გაგაცნობთ პედიატრის რჩევებს, რაც შფოთვის სიმპტომების ამოცნობაში დაგეხმარებათ.

​ბავშვი შფოთვის ქცევით ნიშნებს ამჟღავნებს, თუ ის:

  • ამბობს: „არ შემიძლია ამის გაკეთება!“ – უმიზეზოდ;
  • გამუდმებით ეძებს მეგობრების, მასწავლებლებისა თუ მშობლების მხრიდან მოწონებას;
  • ბრაზობს და აგრესიული ხდება, როდესაც მშობლებს ან ახლობლებს შორდება;
  • უარს ამბობს გამოელაპარაკოს თანატოლებს, ვთქვათ, საბავშვო მოედანზე ან მაღაზიაში, გაურბის მათთან ურთიერთობას დასვენების დღეებში თუ გაკვეთილების შემდეგ;
  • უარს ამბობს სკოლაში სიარულზე;
  • ჩუმად და უმოქმედოდაა მაშინ, როცა, წესით, სხვებთან ერთად უნდა ერთობოდეს ან საქმიანობდეს;
  • უარს ამბობს საკლასო აქტივობებში ჩართვაზე;
  • ხშირად კითხულობს „რას იზამ, თუ...“ (მაგალითად: „რას იზამ, ცუდი რამე რომ მოხდეს?“)

ბავშვს შფოთვის ემოციური ნიშნები აქვს, თუ:

  • ხშირად ემართება ისტერიკა;
  • ხდება უკიდურესად მგრძნობიარე;
  • აქვს აკვიატებული ქცევა ან აკვიატებული აზრები;
  • ხშირად ტირის;
  • განიცდის ზედმეტ შფოთვას;
  • ეშინია შეცდომის დაშვების;
  • უმიზეზოდ ბრაზობს და ბუზღუნებს;
  • ხშირად ესიზმრება კოშმარები;
  • ღელავს მომავალზე;
  • შიშობს, რომ მის პრობლემებს სხვა შეიტყობს;
  • აქვს გადაჭარბებული შიშები;
  • ემართება პანიკის შეტევა ან ეშინია პანიკის შეტევისა.

ბავშვს შფოთვის ფიზიკური ნიშნები აქვს, თუ:

  • უჭირს დაძინება;
  • კუნთები დაჭიმული აქვს;
  • როცა ეშინია, იოფლება და კანკალებს;
  • არის ჰიპერაქტიური, გაფანტული, მოუსვენარი;
  • სახლის გარდა არსად არ შედის საპირფარეშოში;
  • უარს ამბობს საბავშვო ბაღში თუ სკოლაში ჭამაზე;
  • ხშირად უჩივის მუცლისა თუ თავის ტკივილს, მაშინაც კი, როცა სამედიცინო მიზეზი არ არსებობს.

როგორც ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი ამბობს, რაც უფრო ხშირად ესაუბრებიან ექიმები მშობლებს ამ სიმპტომების თაობაზე, მით უფრო მეტი შანსი აქვთ ბავშვებს, ისწავლონ სიძნელეებთან გამკლავება, რათა ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონდეთ. 

თემები:
ექიმი გირჩევთ (117)

მთავარი თემები