17:33 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
82410

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ირღვევა დასაქმებულების უფლებები, რაც პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ მათთვის არაა კარგად ცნობილი დასაქმებულთა უფლებები, ასევე დამსაქმებელთა ვალდებულებები და საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი გზები.

ხშირად დასაქმებულებს განუსაზღვრელი ვადით უწევთ სამსახურში ყოფნა და მუშაობა. ამ ყველაფერს კი გარდა კანონების არცოდნისა, ისიც განაპირობებს, რომ უმეტესობა ერიდება დამსაქმებლის გაღიზიანებას და საკუთარი უფლებების დაცვას. თუმცა, მნიშვნელოვანია, სამართლებრივი საკითხების ცოდნა, რათა თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაო, რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც დასაქმებულს და რა ვალდებულებები - დამსაქმებელს. ამ ყველაფერს საქართველოს „შრომის კოდექსი“ არეგულირებს.

რა არის ზეგანაკვეთური სამუშაო

სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, კანონის  ნორმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნორმებიდან გადახვევა დაუშვებელია. თუმცა კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულისგან უფრო მეტი დროით მუშაობა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევას ზეგანაკვეთური სამუშაო ეწოდება.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს (ნორმირებულ სამუშაო დროს), წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით საათებში შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურად ჩაითვლება.

რაც შეხება 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. დანარჩენ შემთხვევაში ის ზეგანაკვეთურად ჩაითვლება.

არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონმდებლობა განსაზღვრავს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ზედა ზღვარს. კერძოდ, არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.

ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაც, რომელიც ასევე გაზრდილი ოდენობით უნდა იქნეს ანაზღაურებული. გაითვალისწინეთ, რომ დასაქმებული უფელა აქვს,  უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით

აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება

თანხობრივად, ან დროით. როგორც თანხობრივი, ასევე, დროით ანაზღაურების შემთხვევაში, განსაზღვრულია ანაზღაურების მაქსიმალური ვადები:

- თანხობრივი: ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მისი შესრულების შემდეგ, გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

- დროითი: ანაზღაურდება დასაქმებულისათვის პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურების საკითხი უნდა იყოს შეტანილი შრომით ხელშეკრულებაში. თუმცა ხშირად დამსაქმებელი საერთოდ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს და შესაბამისად არც ანაზღაურებს მას, რაც დასაქმებულის უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევაა.

რა შემთხვევაშია დასაქმებული ვალდებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო

არის შემთხვევები, როდესაც კანონი დასაქმებულს ავალდებულებს, შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

-სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე

-საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევებში აკრძალულია იმ დასაქმებულის, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შშმ პირი,  არასრულწლოვანი, შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ან რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

აქვს თუ არა დამსაქმებელს ვალდებულება წინასწარ გააფრთხილოს დასაქმებული ზეგანაკვეთურად მუშაობაზე?

დიახ, კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია).

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

მთავარი თემები