თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ნაწლავურ მიკროფლორაზე, არამედ ხელს უწყობს ალკოჰოლის მოხმარების შედეგად დაზიანებული ღვიძლის აღდგენას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Journal of Medicinal Food- ში.
როგორც ცნობილია, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღვიძლის ქრონიკული, ცხიმოვანი დაავადების, სტეატოზის, ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისთვის.
ჩინელმა სწავლულებმა, იუჰუა ბანომის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე და დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიებს - Lactobacillus rhamnosus შეუძლია ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებით დაზიანებული ღვიძლის აღდგენა.
- ლაქტობაქტერიები შედის ისეთი რძემჟავა პროდუქტების შემადგენლობაში, როგორებიცაა: იოგურტი, კეფირი, მაწონი, დო, არაჟანი, ხაჭო, ყველის რბილი სახეობები.
ლაქტობაქტერიები, რომლებიც პრობიოტიკებში შედის, არეგულირებს ნაწლავურ მიკრობიოზს და აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, აუმჯობესებს მისი კედლის ლორწოვანი შრის იმუნურ სისტემას და ღვიძლში ლიპიდურ ცვლას.
ჩინელი სწავლულები კვლევის დროს თაგვებს 8 კვირის განმავლობაში ასმევდნენ ალკოჰოლს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი აძლევდნენ L. rhamnosus-ის (LGG) გრანულებს სხვადასხვა დოზებით. ეს გრანულები შედგებოდა სახამებლის, მშრალი უცხიმო რძის, რძის შრატის ფხვნილის, მიკროკრისტალური ცელულოზის, მალტოზისა და L. rhamnosus-ის ფერმენტირებული სითხისაგან. შედეგებმა აჩვენა, რომ 8 კვირიანმა ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ თაგვებში ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შემცირება გამოიწვია, გაიზარდა ნაწლავის pH მაჩვენებელი( დაქვეითდა მჟავიანობა) და დაფიქსირდა პათოგენური მიკრობების სწრაფი ზრდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ლაქტობაქტერიები აღმოფხვრის ალკოჰოლურ დისბაქტერიოზს, ამცირებს ცხიმების დაგროვებასა და ანთებას ღვიძლში. ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მედიკამენტების შექმნას ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.