07:27 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
401 0 0

ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყარო და საყვარელი ხილია. ციტრუსები, სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს მანდარინი და როდის უნდა გავასინჯოთ ის პატარას, ამის შესახებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- გემრიელ, წვნიან, არომატულ ციტრუსზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ისტორია ჩინეთიდან იწყება. ჩინელებს დღესაც აქვთ ტრადიციად, საახალწლოდ ერთმანეთს ორი მანდარინი აჩუქონ სიმდიდრისა და კეთილდღეობის სურვილებით.

ეს ხილი სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები – ზამთარში! იცით, რატომაა მანდარინი ასეთი არომატული? მისი კანი დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. არომატის გარდა ამ ეთერზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

საექსპორტო მანდარინი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საექსპორტო მანდარინი

ძველი მკურნალების რეცეპტებში ხშირად შეხვდებით მანდარინის ქერქს. გაციების დროს მანდარინის გახეხილი ქერქის ცხელ ჩაიში შერევა, ამ რეცეპტების მიხედვით, ნახველის გათხევადებას, ხველის შემცირებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

ამასთან ერთად მანდარინი ფიტონციდების წყაროა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომელთაც  ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.

ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ანუ C ვიტამინს შეიცავს. გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის;

მანდარინის კრეფა
მანდარინის კრეფა

მანდარინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას, ამასთან აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

ასკორბინის მჟავას გარდა მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. ეს მზისფერი ციტრუსი აქტიური ფლავონოიდებითაა მდიდარი, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწყობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტიკურობას და კედლის სიმტკიცეს.

- მანდარინი ყველასთვის სასარგებლოა?

- თუ თქვენს პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აქვს, მით უფრო, კუჭის მომატებული მჟავიანობის ფონზე, მანდარინის მიცემა რეკომენდებული არ არის. მან შეიძლება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ნაზი ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს. როგორც სხვა ციტრუსებს, მანდარინს ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

- როდიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი?

- ერთ წლამდე თავის შეკავება ჯობს. ერთი წლის შემდეგ კი ფრთხილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ მანდარინის წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.

უმადო პატარების დედების საყურადღებოდ – მანდარინს მადის აღძვრა შეუძლია!

გაითვალისწინეთ, ზომიერება აუცილებელია. მანდრინის დიდი რაოდენობით მიღებისას ორგანიზმში კაროტინი გროვდება, რაც პატარის კანის გაყვითლებას იწვევს. ჰოდა, თუ გვარიანი შიშის თავიდან აცილება გინდათ, ზომიერება აუცილებლად დაიცავით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მთავარი თემები