02:33 26 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (548)
87820

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ თუ ადამიანს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უჭირს, მაშინ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ფილტვებშია, რადგან სწორედ ისინია სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანო.

თუმცა, ექიმების აზრით, არსებობს სხვა მრავალი დაავადება, რომლის დროსაც სუნთქვის გაძნელება აღინიშნება და ვითარდება ქოშინი.

ექიმი-თერაპევტი, ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი ტატიანა რომანენკო განმარტავს, თუ რა ახდენს ნორმალურ სუნთქვაზე გავლენას და რა იწვევს მის უკმარისობას.

სუნთქვის პრობლემების ფიზიოლოგია

„ქოშინი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სუნთქვა ირღვევა. ეს სუბიექტური შეგრძნებაა. შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ჰაერი არ ჰყოფნის, მაგრამ სინამდვილეში ეს ქოშინი არ იყოს. ქოშინი (ანუ დისპნოე) შეიძლება იყოს ორი სახისა: როდესაც ადამიანი ხშირად სუნთქავს, ამას ტაქიპნოე ეწოდება და ამ დროს სუნთქვის სიხშირე 17-20-ზე მეტია; ხოლო როდესაც ადამიანი ნელა სუნთქავს, ამას ბრადიპნოე ჰქვია და ამ დროს სუნთქვის სიხშირე 12-ზე ნაკლებია. ეს ორივე მდგომარეობა საშიშია“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება, რათა ადამიანს დროული დახმარება გაეწიოს.

გარდა ამისა, ექიმები სუნთქვის დარღვევას მექანიზმის მიხედვითაც ყოფენ:

  • ინსპირატორული ქოშინი — თუ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ჩასუნთქვის დროს ჩნდება;
  • ექსპირატორული ქოშინი — სუნთქვა გაძნელებულია ამოსუნთქვის დროს.

ასევე არსებობს შერეული ტიპები, როცა სირთულეები თავს იჩენს როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს.

პრობლემების გამომწვევი დაავადებები

ქოშინი არის სუნთქვის მთელი პროცესის დარღვევა, ანუ სასუნთქი გზების საშუალებით ორგანიზმში ჟანგბადის მოხვედრის, ამ ჟანგბადის ორგანოებსა და სისტემებში განაწილებისა და ასევე ნახშირორჟანგის გამოყოფის დარღვევა.

ქოშინს შეიძლება იწვევდეს:

ჰემოგლობინის დაბალი დონე — ასეთ დროს უჯრედებში ჟანგბადის ტრანსპორტირება ირღვევა, რის შედეგადაც ხდება ჰიპოქსია, სუნთქვა შეიძლება გახშირდეს. დარღვევების ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ გულის სხვა დაავადებებიც, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, რიტმისა და გამტარებლობის დარღვევები, გულის მანკების დეკომპენსაცია, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის განვითარება.

ფილტვების დაავადებები — მიზეზების მეორე ჯგუფი, რომლებიც ქოშინს იწვევს, არის ფილტვის დაავადებები, როდესაც უშუალოდ ფილტვის ქსოვილი ზიანდება და აირების ცვლის პროცესი ირღვევა.

„ირღვევა სისხლის ჟანგბადით გაჯერება. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს როგორც ფილტვების, ისე ალვეოლების ანთებით. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური, ასევე ვირუსული ხასიათისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში. ფილტვისმიერი ქოშინი შეიძლება წარმოიშვას ფილტვებში სითხის დაგროვების დროს“, – ამბობს ტატიანა რომანენკო.

მისი თქმით, სუნთქვის პრობლემები შეიძლება ფილტვების სიმსივნის ან ემფიზემის ფონზე განვითარდეს.

ასთმა და სიმსივნეები — დარღვევების მესამე ჯგუფი უშუალოდ ბრონქების ფუნქციონირებას ეხება, როდესაც ჰაერის ბრონქიალური ხის საშუალებით მიწოდება და გამოყოფა ირღვევა. სუნთქვის პრობლემების ეს მექანიზმი აღინიშნება ბრონქული ასთმის, ბრონქ-ფილტვის სისტემისა და ლიმფური სისტემის სიმსივნეების ფონზე.

კუნთების დაავადებები — დაავადებების მეოთხე ჯგუფი, რომლებმაც შეიძლება სუნთქვის დარღვევა გამოიწვიოს, არის ის მდგომარეობა, როდესაც სუნთქვის მექანიკა დაქვეითებულია კუნთების დაავადებების გამო. კერძოდ, არსებობს ისეთი პათოლოგია, როგორიცაა მიასთენია (კუნთების სისუსტე), როდესაც სუნთქვის მოძრაობების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. კუნთები საკმარისად არ აფართოებს გულმკერდს, შესაბამისად, ირღვევა გაზთა ცვლის პროცესი. ხშირად სუნთქვის მექანიკა ირღვევა ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა სიმსუქნე.

თრომბები — დაავადებების მეხუთე ჯგუფს აკუთვნებენ ფილტვებში სისხლის მომარაგების დარღვევას. მაგალითად, თუ სისხლძარღვები თრომბით იკეტება და ვითარდება თრომბოემბოლია.

„ამ ტიპის ქოშინი საჭიროებს სწრაფ დიაგნოზსა და დროულ მოქმედებას. თუ სამედიცინო დახმარება დროულად არ მოხდება, ამას შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს“, — აღნიშნავს ტატიანა რომანენკო.

არაორგანული პრობლემები — ხშირად ადამიანები უჩივიან ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას, ქოშინს, მაგრამ ეს არ უკავშირდება რაიმე ორგანულ დაავადებას — არც ფილტვებს, არც სისხლძარღვებს. ის შეიძლება ნერვული სისტემის პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული. ასეთი დარღვევების დროს ვითარდება ე.წ. ჰიპერვენტილაციური სინდრომი, როდესაც ადამიანს სუნთქვის ანომალიური რიტმი უჩნდება, რაც იწვევს ფილტვების გადაჭარბებულ ვენტილაციას.

„ყველაზე ხშირად ეს ხდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევის ფონზე, ფსიქიკური აშლილობების დროს. ჰიპერვენტილაციის სინდრომის განვითარების ძირითადი ფაქტორია ადამიანის ფსიქოლოგიური სტატუსი. ყველაზე ხშირად ეს ფენომენი გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც სპორტის რაიმე სახეობით არიან დაკავებული ან უკრავენ სასულე ინსტრუმენტებზე. გარდა ამისა, ჩნდება სტრესის ფონზე — ეს შეიძლება იყოს დეპრესიის, პანიკური შეტევების გამოვლენა“, — აღნიშნავს ექიმი.

ასეთ სიტუაციაში, თერაპევტის თქმით, თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • სპაზმი ყელში;
  • სასუნთქ გზებში ჰაერის გაძნელებული მოხვედრის შეგრძნება;
  • ჩასუნთქვის დროს მოძრაობის დარღვევა;
  • სუნთქვის შეჩერება;
  • მთქნარების, ხველების, ღრმად ჩასუნთქვის მუდმივი სურვილი.

ასე რომ, თუ ადამიანს რაიმე სახის სუნთქვის პრობლემები უჩნდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებნელია, რათა გაირკვეს პრობლემა და დაიწყოს მკურნალობა. უნდა გვესმოდეს, რომ სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემები უკიდურესად ცუდად მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე.

თემები:
სასარგებლო რჩევები (548)

მთავარი თემები