ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები: როგორ შევამციროთ სიმსივნის განვითარების რისკი

CC0 / Pixabay / ყელმოღერებული ქალი
ყელმოღერებული ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ფარისებრი ჯირკვლის მრავალი პათოლოგია არსებობს, დაწყებული ქრონიკული ანთებითი პროცესებით, დამთავრებული სიმსივნური დაავადებებით...

რა არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, რამდენი სახეობა არსებობს და რა ფაქტორები უწყობს ხელს მის გავრცელებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე თავ-კისრის ონკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კოტე მარდალეიშვილი საუბრობს.

- რა არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე?

- ფარისებრი ჯირკვალი მიეკუთვნება ენდოკრინულ ორგანოთა რიცხვს. იგი მნიშვნელოვნად აკონტროლებს და ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანოების სწორად ფუნქციონირებას. შეიძლება ჩამოვთვალოთ – გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ენდოკრინული პათოლოგიები, იგივე რეპროდუქციული სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობა. ყველაზე მეტი არტერია კვებავს ფარისებურ ჯირკვალს. თუ გულს კვებავს ოთხი ძირითად არტერია, ფარისებრ ჯირკვალს კვებავს ექვსი არტერია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ორგანო და მის მიერ გამომუშავებული პროდუქტი მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში გვხვდება სხვადასხვა სახის დაავადებები. შესაძლოა იყოს სიმსივნური პროცესები, ან ქრონიკული ანთებითი პროცესების ფონზე განვითარებული ჩანართების არსებობა ადენომური კვანძის სახით. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ავთვისებიანი სიმსივნე იყოფა ოთხ სახეობად. პირველი ეს არის პაპილარული სიმსივნე, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება, შემდეგ ფოლიკულური სიმსივნე, ასევე ანაპლასტიკური და მედულარული კიბო.

პაპილარული კიბო, როგორც წესი, ზრდას იწყებს რადიაციულ ფონზე, როდესაც ორგანიზმში იწყება ჰორმონალური ცვლილებები, არის სტრესული მდგომარეობა და ა.შ. არის შემთხვევა, როდესაც პაპილარული კიბოს მეტასტაზი გვაქვს თავის ტვინში. აკეთებენ ოპერაციას, იღებენ ამ მეტასტაზს და მხოლოდ მერე ხვდებიან, რომ ეს არის პაპილარული კიბოს მეტასტაზი, რომელიც არ იყო თავის დროზე მანიფესტირებული და გამოკვლეული.

ფოლიკულური კობო იძლევა როგორც რეგიონულ მეტასტაზს, ასევე შორეულ მეტასტაზსაც. ის უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. კიდევ უფრო აგრესიულია მედულარული კიბო. ამ დროს გამოჯანმრთელების შედეგი 40 პროცენტს არ აღემატება. ანაპლასტიკური კიბოების შემთხვევაში კიდევ რთულადაა საქმე. აღმოჩენისთანავე პაციენტის გარდაცვალება არაუმეტეს სამ–ექვს თვემდე ხდება.

ყველა ამ სიმსივნეს თავისი დიაგნოსტიკა სჭირდება. ყველას თავისი კლინიკური მიმდინარეობა აქვს და თითოეულ მათგანს თავისი მკურნალობა ესაჭიროება.

- რა ფაქტორები უწყობს ხელს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გავრცელებას?

- დღეს მისი გავრცელების 80 პროცენტში მონაწილეობას იღებს რადიაციული ზემოქმედება. იოდის დეფიციტის ფონზე, როდესაც კლინიკურად მიმდინარეობს პროცესი, პლუს რადიაციული ფონის მომატება განაპირობებს იმას, რომ მკვეთრად იზრდება შანსი განვითარდეს პაპილარული, ავთვისებიანი სიმსივნე. ჩერნობილის კატასტროფის დროს იყო ჯგუფები, რომლებიც საქართველოდან ჩავიდნენ ჩერნობილში, რათა დახმარებოდნენ ადამიანებს და მოეხდინათ ნარჩენების ლიკვიდაცია. იქიდან ჩამოსული პაციენტები რამდენიმე წლის შემდეგ დაავადდნენ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით. ყველას ჩაუტარდა რადიკალური ოპერაციები და მკურნალობა. დღეს ყველა მათგანი ცოცხალია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობს. მაგრამ ეს არ იძლევა საშუალებას, რომ მოვადუნოთ ყურადღება.

ფარისბერი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს განვითარებაში მხოლოდ 5-10%-იანი წვლილი აქვს გენეტიკას.

- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს სიმსივნე?

- ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. იყო შემთხვევა, პაპილარული ავთვისებიანი სიმსივნე შეგვხვდა 5-6 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში და ა.შ. ახლა ძალიან გაახალგაზრდავებულია პაპილარული ავთვისებიანი სიმსივნე. პაპილარულ სიმსივნეზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დაავადებულების 80 პროცენტში სწორედ ეს სიმსივნე გვხვდება. ეს ძირითადად ქალთა სქესის დაავადებაა, რადგან 90 პროცენტ შემთხვევაში ქალებს ემართება.

- რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი?

- ძალიან მარტივ წესებს გეტყვით: არ დაწვეთ სოლარიუმში, მზეზე არ იყოთ რვა საათის განმავლობაში, განსაკუთრებით 10 საათიდან დღის 3-4 საათამდე. ამ დროს პირდაპირ მოდის დატვირთვა ფარისებრ ჯირკვალზე. ხაზს ვუსვამ, პაპილარულ კიბოს არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს. იმითია ეს დაავადება ვერაგი, რომ შესაძლოა 5-10 წელი არსებობდეს, მაგრამ ვერ გაიგო. დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა წელიწადში ერთხელ ექოსკოპიის ჩატარება და ჰორმონის გაკეთება, რომ არ გამოგვეპაროს ამ დაავადების არსებობა.

- რა ეტაპზე ხდება ქირურგიული ჩარევა?

- ჩემი აზრით, ფარისებრი კიბოს არსებობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა, რომლის მასშტაბი უნდა განისაზღვროს მორფოლოგიური შენების, დაავადების ზომების და გავრცელების მასშტაბით. თუ ერთი კვანძია ავთვისებიანი და სხვა ჩანართები აქვს, აუცილებლად უნდა მოცილდეს, რადგან ორი–სამი კვირის შემდეგ ეს პატარა ჩანართები ისევ დაიწყებს ზრდას და მოგვცემს დაავადების რეციდივს. მაგრამ თუ ერთი პატარა, 0.5 სმ-იანი კვანძია და სხვა ზონები აბსოლუტურად თავისუფალია, შეიძლება მისი შენარჩუნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0