21:28 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
674 0 0

სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს.

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო. მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი ვიტამინი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმადობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშრობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები