01:34 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

დაგვეთანხმებით, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც საყვარელ სამოსს ჩაიცვამ და შემდეგ შემთხვევით საჭმელით, ღვინით, კოსმეტიკით დასვრი...

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იშვიათი სულაც არ არის, ნუ ჩავარდებით პანიკაში, არ არის აუცილებელი დაემშვიდობოთ თქვენი სამოსის პირვანდელ სილამაზეს. არსებობს რამდენიმე ნაცადი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ არასასურველი ლაქა მოაცილოთ თქვენს ტანისამოსს.

პომადის ლაქა

თუ თქვენს ტანისამოსზე, რომელიც თეთრი ფერისაა, პომადის ლაქას შენიშნავთ, ქსოვილი დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგით („პერეკისი“) და გაავლეთ საპნიან წყალში, სანამ ლაქა არ გაქრება. ხოლო თუ ქსოვილი ფერადია, გამოიყენეთ სკიპიდარი (უფერული ან მოყვითალო მძაფრი სუნის მქონე სითხე, რომელიც მიიღება წიწვოვან მცენარეთა ფისის გამოხდით). თუ ეს მეთოდი არ უშველის, დაადეთ ქსოვილის ორივე მხარეს ხელსაწმენდი, მოაყარეთ მას ცოტა ტალკი და გააუთოვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

დეოდორანტის ლაქა

მარილი ადვილად გაუმკლავდება ამ პრობლემას. აიღეთ მწიკვი მარილი და დააყარეთ დალაქულ, წინასწარ დასველებულ ქსოვილს. გააჩერეთ 8-12 საათი. შემდეგ ისევ დაამატეთ ცოტა მარილი და ხელში მოსრისეთ დალაქული ადგილი. ამის შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

ცხიმის ლაქა

ყველა სახის ქსოვილიდან ახალი ლაქის ამოყვანა ადვილად შეიძლება შემდეგი მარტივი წესით: ლაქაზე ორივე მხრიდან დააფარეთ საშრობი ქაღალდი და თბილი უთოთი დააუთოეთ. ქაღალდი უნდა შეცვალოთ, მანამ, ვიდრე არ შეწყდება მასზე ცხიმის გადასვლა. ამავე მეთოდით ამოიყვანთ ქსოვილიდან პარაფინისა და ცვილის ლაქებს.

ამასთან, ცხიმის ლაქა შეგიძლიათ ამოიყვანოთ ბენზინით, სკიპიდარით, ან აცეტონით. წაუსვით ლაქას ბენზინი, დააფარეთ ხელსაწმენდი და გააუთოვეთ თბილი უთოთი. თუ ქსოვილი არ ირეცხება, ამოუდეთ მას თეთრი სუფთა ქსოვილი, კარგად გააცხელეთ კარტოფილის ფქვილი და მოაყარეთ ლაქას. 30 წუთის შემდეგ მოაცილეთ ფქვილი. გაიმეორეთ პროცედურა ლაქის ამოყვანამდე.

ღვინის ლაქა

ღვინის ლაქის მოსაშორებლად ყველაზე გავრცელებული გზა სუფრის მარილია. მას ოდნავ ასველებენ წყლით ფაფისებრი მასის მისაღებად. ამ მასას უსვამენ ქსოვილის დალაქავებულ მონაკვეთს. ღვინო სველ მარილში შეიწოვება. გაშრობის შემდეგ ფაფა მშრალი ქაღალდის ხელსაწმენდით იწმინდება. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის ლაქა ბოლომდე არ არის გამქრალი, მომდევნო ავტომატურ რეცხვაზე იგი სრულიად გაქრება.

ფერადი ქსოვილებიდან ღვინის ლაქის ამოყვანაში მანგანუმის ხსნარი („მარგანცოვკა“) დაგეხმარებათ. მასში უნდა ჩაალბოთ დალაქავებული ადგილი ხუთი წუთით, შემდეგ მოამზადოთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. ერთ ჭიქა გრილ წყალში უნდა ჩაასხათ ერთი ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. ხსნარში ბამბის დისკი დაასველეთ და ლაქა დაამუშავეთ. ეს მეთოდი დელიკატური ქსოვილებისთვის არის შესაფერისი.

მთავარი თემები