10:48 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (359)
18510

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემები, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, დაყადაღებული საბანკო ანგარიშები და ქონება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცხო არ არის.

მოვალის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ყადაღა დაედოს მის უძრავსა თუ მოძრავ ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებსაც. ყადაღის დადება მესაკუთრისთვის ნიშნავს, რომ მას ეზღუდება საკუთარი ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა, ანუ ვერ გაასხვისებს, ვერ დააგირავებს, ვერ გააქირავებს და ა.შ.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ შეიძლება მის ქონებას ყადაღა დაედოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას არანაირი ვალდებულება არ აქვს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, რა შემთხვევაში დაგიყადაღებთ აღმასრულებელი ქონებას სხვისი ვალების გამო. ასევე გასწავლით გზებს, რა უნდა გააკეთოთ, თუ სხვისი ვალების დაყადაღებული ქონება უკვე რეალიზებულია.

პირველ რიგში, განვმარტოთ, რომ უძრავი ქონების შემთხვევაში ყადაღის დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მოვალე. ანუ უძრავ ქონებას სხვისი ვალების გამო ვერავინ დაგიყადაღებთ.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კანონის მიხედვით, იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალის საცხოვრებელ ადგილზე მდებარეობს, უფრო ზუსტად, ნივთები, რომლებსაც პოულობენ მასთან, მოვალის საკუთრებას წარმოადგენს. ანუ თუ თქვენ ცხოვრობთ იმ მისამართზე, სადაც მოვალეც ცხოვრობს, მისი შეუსრულებელი ვალდებულების გამო შესაძლებელია მოხდეს თქვენი მოძრავი ნივთების დაყადაღება, მიუხედავად თქვენი პრეტენზიებისა.

თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისას თქვენ განაცხადებთ პრეტენზიას და წარადგენთ ქონებაზე თქვენი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი თქვენ კუთვნილ ქონებას დაყადაღებული ნივთების სიიდან ამორიცხავს მხოლოდ კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ, თუ თქვენს მოძრავ ნივთებს უსაფუძვლოდ მაინც დაედო ყადაღა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, შეიტანოთ სარჩელი და მოითხოვოთ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია მოითხოვოთ ქონების რეალიზაციის შეჩერება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხევაში ნივთებს მოეხსნება ყადაღა.

სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ შეიტანება იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება.

რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია? მიმართეთ მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა თქვენი (მესამე პირის) ქონების გასხვისება და მოსთხოვეთ ზიანის ანაზღაურება.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (359)

მთავარი თემები