10:09 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (361)
128 0 0

სწავლულებმა განმარტეს – რძის შესახებ გავრცელებული რომელი მოსაზრებებია არასწორი და რატომ არ უნდა ვენდოთ მათ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთი უძველესი ნატურალური სასმელი — რძე, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ცნობილია როგორც „თეთრი სისხლი“, მრავალი ადამიანისთვის საუზმეზე შეუცვლელი პროდუქტია. თუმცა მის შესახებ არაერთი არასწორი წარმოდგენა არსებობს, რომელთაგან რამდენიმე სამეცნიერო გამოცემა Science and Technology Daily-მ დაამსხვრია.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ რძის უზმოზე, ცარიელ კუჭზე გამოყენება, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არაა ზიანის მომტანი. უფრო მეტიც, შრატის ცილას აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი და ხელს უშლის ლორწოვანას ანთებას.

„რძის დალევა ცარიელ კუჭზე არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ, რადგან ამან შეიძლება გაამძაფროს ეს სინდრომი და გამოიწვიოს მუცლის შებერილობა და დიარეა“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში. შესაბამისად, ამ ადამიანებმა რძე სხვა საკვებთან ერთად უნდა მიიღონ.  

რძესთან დაკავშირებული მეორე მითი ისაა, რომ ზოგი ადამიანის აზრით, რძის მეშვეობით სახის კანის გათეთრებაა შესაძლებელი. მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში რძე არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც კანის გათეთრების უნარი აქვს და, საერთოდაც, რძის ცილის მოლეკულები იმდენად დიდი ზომისაა, რომ კანის გზით მისი შეწოვა ვერ ხდება. თუმცა რძის ნიღაბს ნამდვილად აქვს გამაგრილებელი და დამატენიანებელი ეფექტი და მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ხელს უწყობს კაპილარების შევიწროებას.

ასევე არასწორია მოსაზრება, თითქოს ადუღების შემდეგ რძე სასარგებლო თვისებებს კარგავს და მავნებელი ხდება; რომ „იწვება“ ცილები და წარმოიქმნება გლიკოზილამინი, რომლის მონელება–ათვისებაც ძალიან უჭირს კუჭს.

სინამდვილეში ცილის „წვა“ მაიარის რეაქციის გამოვლინებაა, რომლის ერთ-ერთი პროდუქტიცაა გლიკოზილამინი. რძე ადუღებისას ფერს არ იცვლის, არ მუქდება და არ იძენს დამწვრის გემოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაიარის რეაქციის ხარისხი ძალიან დაბალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაღაზიის ჩვეულებრივი რძე, პასტერიზებული ან ულტრაპასტერიზებული, არ საჭიროებს მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას. თუმცა, ასეთი რძის ადუღებაც კი არ მოქმედებს მის კვებით ღირებულებაზე და არ ვნებს ორგანიზმს.  

ამასთან გამოცემა წერს, რომ პაკეტის რძის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები. საქმე ისაა, რომ შეფუთვა, როგორც წესი, დამზადებულია პოლიმერების ან ალუმინის ფოლგისგან. პოლიმერული მასალის ძირითადი კომპონენტია პოლიეთილენი, რომელიც არ არის გამძლე მიკროტალღური გამოსხივების მიმართ. ხოლო ალუმინის ფოლგა არის ლითონის მასალა, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში მოთავსების შემთხვევაში შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ რძე პაკეტიდან სხვა ჭურჭელში უნდა გადაასხათ და ისე გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში.

თემები:
სასარგებლო რჩევები (361)

მთავარი თემები