23:55 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
84620

პაპა-ბებიებისგან, ნათესავ-მეზობლებისგან არაერთი სამედიცინო მითი გვსმენია. მითი კი, მოგეხსენებათ, სინამდვილისგან ხშირად შორს დგას. სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე შემორჩა მცდარი შეხედულებები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ღორის ხორცის ავკარგიანობაზე. ხშირად ღორის ხორცი ხასიათდება როგორც არაჯანსაღი ხორცი და ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მისი მიღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოქმნის. როგორც აღმოჩნდა, ღორის ხორცი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ღორი არ იცოხნება, შესაბამისად, იგი არ გადაამუშავებს საკვებს ხელმეორედ და ამიტომ ღორის სხვა მახასიათებლები უფრო თავსებადია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ვიდრე საქონლის. ამასთან, თუ ღორი იზრდება ღია ცის ქვეშ, ამ შემთხვევაში მის ხორცში დიდი რაოდენობით ომეგა 3 იქნება. ღორის ხორცი ცილების წყაროა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი დიეტა სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან წონაში დაიკლონ. ღორის ხორცი მატებს ენერგიას და ფიზიკურ აქტივობას, ეხმარება ადამიანებს დაავადების შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში ან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაში.

ინფექციონისტმა მაია ბუჭაშვილმა გააქარწლა მითი, თითქოს ღორის ხორცი ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

- შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ, საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო.

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებული არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიკური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით.

ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით, ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორე მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან, პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)

მთავარი თემები