01:26 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
15610

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, ფსიქიატრი ნინო დარახველიძე საუბრობს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე და მკითხველს რჩევებს უზიარებს.

სტრესი ადამიანის ყოველდღიური სოციალური ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ნებისმიერი რეაქცია, რომელიც სტრესული მოვლენის დროს იჩენს თავს, ყოველთვის პათოლოგიური არ არის. არსებობს ბუნებრივი საპასუხო რეაქციები საშიშ ან ტრავმულ მოვლენებზე, როგორიცაა, მაგალითად, უბედური შემთხვევა (პიროვნება შეესწრო უბედურ შემთხვევას, მკვლელობას). მსგავსი შემთხვევების დროს რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანებს უჩნდებათ ძლიერი შიშის განცდა, შემდეგ კი მათი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკას აქვს უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ სტრესულ ფაქტორებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ასე ვთქვათ, ადაპტირდეს მასთან. ზოგჯერ ადამიანი ყოველდღიურ სტრესორებთან ბრძოლის არაადაპტაციურ მეთოდს მიმართავს. მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება სტრესის დაძლევის მიზნით, რაც რიგ შემთხვევაში ხელს უწყობს საბოლოო ჯამში რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ჩამოყალიბებას.

ნებისმიერმა სტრესულმა ფაქტორმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ფართო სპექტრის ფსიქიკური აშლილობების ჩამოყალიბებაში. ძლიერმა ფსიქომატრავმირებელმა ფაქტორმა ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს დისტრესი, რაც ხელს უწყობს რომელიმე ფსიქიკური აშლილობის განვითარებას, მათ შორის პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (პტსა). პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, როგორც ტერმინი, პირველად გაჩნდა ამერიკაში ვიეტნამიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების შესწავლის შედეგად. მათ აღენიშნებოდათ ის სიმპტომები, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ვერც ერთ ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმს. ეს მდგომარეობა ახლა გაერთიანებულია სტრესთან დაკავშირებული აშლილობების ჯგუფში.

მძიმე სტრესზე პიროვნების რეაქცია და ადაპტაციის დარღვევები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა სხვა ფსიქიკური აშლილობებისგან განსხვავდება ძირითადად იმით, რომ ამ მდგომარეობის მქონე პიროვნებას აუცილებლად ცხოვრებაში უნდა ჰქონდეს გადატანილი ძლიერი ცხოვრებისეული სტრესი, როგორიცაა ბუნებრივი ან ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფები, საბრძოლო სიტუაცია, უბედური შემთხვევები, მძიმე დასჯის სცენებში მონაწილეობა (წამების, ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, ტერორიზმის მსხვერპლის და სხვ.).

რამდენად გავრცელებულია პტსა საქართველოში

დღეისათვის საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, რადგან ადამიანი ყოველდღიურ სოციალურ ცხოვრებაში ხშირად აწყდება ძალადობას. მისი გავრცელება მსოფლიოს მოსახლეობაში 1%-დან 14%-მდე მერყეობს. ტრავმული გამოცდილების შემდეგ ქალებში პტსას განვითარების რისკი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, 1998 წელს სოციალური სტრესების რანდომიზირებული კვლევის ფარგლებში იძულებით გადადგილებულ პირთა შორის 33,3%-ში გამოიკვეთა გახანგრძლივებული პტსას დიაგნოზი.

ვის შეიძლება განუვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, და რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს უვითარდება პტსა, ზოგს კი – არა?

კვლევებმა აჩვენა, რომ ერთსა და იმავე მძიმე სტრესზე ყველა ადამიანს არ უყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, პიროვნული ხაზები და ანამნეზში რაიმე სახის ნევროზული რეგისტრის აშლილობა, რაც კიდევ უფრო ართულებს პტსას მიმდინარეობას.

როგორ შეიძლება დავეხმარო საკუთარ თავს, თუ მაქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

პირველ რიგში, რომ შევძლოთ დახმარება, საჭიროა ამოვიცნოთ ის ძირითადი ნიშნები, რაც ახასიათებს კონკრეტულად ამ მდგომარეობას და შემდგომ მივმართოთ სპეციალისტს (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი). უმჯობესია აშლილობის საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე და შემდგომ მოხდეს სპეციალისტთან გადამისამართება.

პტსას ტიპიურ ნიშნებს მიეკუთნება:

ტრავმის განმეორებადი განცდის ხატოვანი ეპიზოდური მოგონებები, რაც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათამდე; ძილის დარღვევა (უძილობა ან კოშმარული სიზმრები, რომელშიც ძირითადად ასახულია მატრავმირებელი სიტუაცია); გაშეშების და ემოციური დაჩლუნგების მუდმივი სუბიექტური განცდა; ადამიანებისგან განდეგილობა-განმარტოების ძლიერი სურვილი (პაციენტი ხშირ შემთხვევაში დისტანცირდება ირგვლივ მყოფთაგან, მათ შორის უახლოესი ადამიანებისგან, კარგავს ინტერესს საყვარელი საქმიანობისადმი); ანჰედონია (სიამოვნების მიღების გაძნელება); ტრავმის მოგონებასთან დაკავშირებული სიტუაციებისგან თავის არიდება; პერიოდულად შიშის, პანიკის ან აგრესიის ეპიზოდები, რომელიც პროვოცირებულია გარკვეულ სიტუაციებზე მძიმე მოგონებების წამოჭრით; ქცევითი დარღვევები - ხშირად ავლენენ გაღიზიანებას და მიდრეკილნი არიან ფიზიკური ძალადობისადმი სხვის მიმართ. ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ვეგეტატიური აგზნებადობა სიფხიზლის დონის მომატებით. დამატებით კლინიკურ სურათში შეიძლება იყოს შფოთვითი და დეპრესიული რეაქციები, ასევე სუიციდური აზრები და მცდელობები. ახასიათებს ისეთი არასპეციფიკური ფიზიკური ჩივილები, როგორიცაა, მაგალითად, თავის ტკივილი. ხშირ შემთხვევებში ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ მატრავმირებელი ფაქტორებიდან გამოწვეული უსიამობნო შეგრძნებების სიმწვავის მოხსნის მიზნით, რაც დამატებით ხელს უწყობს არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას.

როდის მივმართოთ სპეციალისტს

თუ ადამიანის ცხოვრებაში მოხდა ძლიერი მატრავმირებელი მოვლენა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან აღენიშნება მინიმუმ ორი სიმპტომი ტრავმიდან ერთი თვის განმავლობაში, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერი სისტემის არსებობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი, აქვთ დამცირების და სირცხვილის განცდა, უქვეითდებათ თვითშეფასება. უჩნდებათ კითხვები – რატომ მაინცდამაინც ის აღმოჩნდა მსხვერპლის როლში. საკუთარ თავს ადანაშაულებენ საფრთხეში თავის ჩაგდების გამო. სოციალური მხადაჭერა კი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, რათა ილაპარაკოს არსებული პრობლემის შესახებ და ამით დაიბრუნოს საკუთარი თავის პატივისცემა.

მთავარი თემები