08:52 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (49)
43101

ზაფხულის დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ფიქრს, რომელ კურორტზე ჯობს ბავშვის დასვენება. ზოგი მთის კურორტს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი – ზღვის. თუმცა, სადაც არ უნდა წავიდეთ, არსებობს ნორმები, რაც დასვენების დროს შვილის უსაფრთხოების მიზნით ყველა მშობელმა უნდა დაიცვას.

რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა დასასვენებელი ადგილის შერჩევისას, როგორ დაიცვან შვილები სეზონური ინფექციებისგან, ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე
ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე

- დასასვენებელი კურორტის შერჩევისას რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება?

- კურორტის არჩევისას მთავარია იყოს სუფთა ჰაერი. სუფთა ჰაერი სასარგებლოა თბილისშიც და სასარგებლოა სოფლადაც. ბოლო პერიოდში არის სოციალური პრობლემები და, შესაბამისად, ბევრ პაციენტს არ აქვს საშუალება ორ კვირაში ერთხელ იცვალოს პოპულარული კურორტები, რომელიც საკმაოდ ძვირია. საქართველოში ჩვენ გვაქვს 100 კურორტზე მეტი. ყველა კურორტს კი 10-15 წუთის სავალზე აქვს სოფლები. თუ მაინცდამაინც ძვირადღირებულ კურორტზე უნდა მშობელს ბავშვის გაყვანა, შესაძლოა დაისვენოს მიმდებარე სოფლებში და კურორტებთანაც იქნება ძალიან ახლოს. ეს ეხება როგორც სამთო, ისე საზღვაო კურორტებს.

ბავშვის გაყვანა კურორტებზე აუცილებელია როგორც ზამთრის სეზონზე, ისე ზაფხულის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ისეთ კურორტებზე წაყვანა, როგორიცაა ბახმარო, მთა-თუშეთი. წლების წინ ჩვენ გვიწევდა პროფესორებთან ერთად ამ რეგიონებში კურორტებზე სიარული. როგორც გითხარით, ეს იყო მთა-თუშეთი, კოდორის ხეობა, ბახმარო... ეს არის უნიკალური კურორტები, უბრალოდ აქ დასვენება არის მეტ-ნაკლებად ძვირადღირებული. მშობლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ბავშვები ძვირადღირებულ ადგილებში დაასვენონ, არ უნდა იდარდონ, რადგან მთავარი სუფთა ჰაერზე ყოფნაა და შეუძლიათ არჩევანი თავიანთ სოფლებზე შეაჩერონ. მინდა ვუთხრა იმ მშობლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ბავშვების ასეთ კურორტზე წაყვანას, არ დაწყდეთ გული და ბავშვები წაიყვანონ საკუთარ სოფლებში, იქ სადაც სუფთა ჰაერია. ესეც ძალიან სასარგებლო იქნება ბავშვისთვის.

- არსებობს მოსაზრება, რომ ძალიან კარგია, თუ ბავშვს 21 დღის განმავლობაში წავიყვანთ კურორტზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? აუცილებელია, რომ 21-დღიანი ციკლი შესრულდეს?

- რატომ მაინცდამაინც 21 და არა 22, ან რატომ არა 19? ეს არის ძველი გადმონაშთი და მითი. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი იქნებით კურორტზე, უკეთესია, მისი სასარგებლო ეფექტი უფრო მეტი იქნება. როცა ხშირად დაჰყავთ მშობლებს ბავშვები კურორტზე, ამ დროს ბავშვებს ქრონიკული პათოლოგია თითქმის არ აქვთ. ე.წ. აქტიური კურორტული მკურნალობა სჭირდება ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებს. ზოგადად, ბავშვებს ძირითადად არ აქვთ მწვავე პათოლოგია და ასეთი აქტიური ჩარევა არ  სჭირდებათ. ჩვენ ვიყენებთ ე.წ. პასიურ კლიმატურ თერაპიას.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა მშობელიც გადაღლილია, ბავშვიც მეტ-ნაკლებად გადაღლილია, მაქსიმალურად ვეცადოთ წავიყვანოთ ბავშვები კურორტზე, სოფლებში. თუ საშუალება გვაქვს, ორი კვირა ვიყოთ მთის კურორტზე, ორი კვირა ვიყოთ სოფელში, ორი კვირა კი ზღვის კურორტზე. მაქსიმალურად ვეცადოთ მოვაცილოთ ბავშვს ეს დაძაბულობა და სტრესი.

- სამწუხაროდ, ხშირად მშობლები ვერ ახერხებენ, რომ ხანგრძლივი პერიოდით წაიყვანონ ბავშვები კურორტზე. ვთქვათ, ორი-სამი დღით, შაბათ-კვირას ქალქიდან გაყვანა რა გავლენას მოახდენს ბავშვზე, აქვს შედეგი მცირე ხნით ქალაქიდან გასვლას?

- რა თქმა უნდა, განტვირთვას ყოველთვის აქვს შედეგი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა არის სტრესული პერიოდი, რომელიც მეტწილად პანდემიამაც განაპირობა, და რაც მეტად განიტვირთება როგორც მშობელი, ისე ბავშვი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი დოგმა – უნდა გავიყვანოთ ბავშვი ერთი კვირა, 10 დღე, არსად არ არის გაწერილი. რაც უფრო ხშირად გავიყვანთ ბავშვებს, უკეთესია, თუმცა აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენის პირადი ნორმები. ეს არ არის აუცილებელი მარტო კორონავირუსული პანდემიის და ეპიდემიის პირობებში. ეს ნებისმიერ სეზონზეა აუცილებელი, რადგან ყველა სეზონს აქვს თავისი ინფექციები.

თუ ჩვენ დავიცავთ პირად ჰიგიენურ ნორმებს, რაც ელემენტარულია, ამით თავიდან ავიცილებთ ბევრ გართულებას. ზღვაზე ძალიან ხშირია ისეთი ინფექციები, როგორიცაა ენტეროვირუსული ინფექციები, დიარეით და ღებინებით მიმდინარე ვირუსული ინფექციები. ახლა ჩვენ პრაქტიკულად მოუწყობელი ზღვის სანაპირო გვაქვს. სულ იყო საუბარი ქვიშების სხვადასხვა კეთილმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. იქ არის ბევრი მზე, შესაბამისად, D ვიტამინი, მაგრამ თუ ჩავალთ და დაგვხვდება მოუწყობელი, დაბინძურებული სანაპირო, დაგვხვდება ფეკალიები და სხვა, ეს არის ზუსტად ინფექციის წყარო და ეს არა დადებითად, არამედ უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანაპიროზე უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის ნომები – ხშირად დავიბანოთ ხელები, ბავშვებს მოვარიდოთ სხვადასხვა საგნები, რომელიც შესაძლოა პირჩი ჩაიდოს, ასევე ყველას გინახავთ, რომ სანაპიროზე სხვადასხვა საკვები პროდუქტი იყიდება, არ უნდა მივცეთ ეს პროდუქტი ბავშვებს. სწორედ ეს შეიძლება იყოს ამ ფეკალურ-ორალური გადამდები ინფეციების გავრცელების საშუალება.

- რაც შეეხება მზის ალერგიას, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- მზის ალერგია პრაქტიკულად არის კრიტიკული გამოვლინება. ზოგ შემთხვევაში მზის ალერგია შესაძლოა დამწვრობაშიც აგვერიოს, რადგან მასაც ახასიათებს შეშუპება. ამიტომ უნდა გავარკვიოთ – ეს არის მზის ალერგია თუ მზის დამწვრობით გამოწვეული შეშუპება. მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს კონტაქტური დერმატიტით, შეშუპებით და ა.შ. ამიტომ პირველადი, მედიკამენტოზური დახმარება დროულად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი მაინც არის მზის სხივებისგან მოცილება. თუმცა მზის ალერგია არის ძალიან იშვიათად, მე პირადად ძალიან დაბალ პროცენტში შემხვედრია. გაითვალისწინეთ, ბავშვი უნდა იყოს ჩრდილში და არა მზეზე. თუ გახვალთ ზღვაზე, უნდა გაიყვანოთ მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით 7-დან 9 საათამდე. კიდევ ვიმეორებ, მზის ალერგია არ უნდა შეგვეშალოს მზისგან მიღებულ დამწვრობაში.

- საკვებთან მიმართებაში, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ განსაკურებით ფრთხილად?

- განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მალფუჭებად პროდუქტებთან. ადრეული ასაკის ბავშვს ახალი მომზადებული საკვები უნდა მიეცეს. საკვები უნდა იყოს თერმულად სწორად დამუშავებული და შენახული. ამას სჭირდება სამაცივრე პირობები. შენახვის ის პირობები, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იქნეს დაცული. თუ სწორად იქნება ჰიგიენური ნორმები დაცული, თავიდან ავიცილებთ ზედმეტ გართულებებს. ხშირად სხვადასხვა ხილი, მათ შორის საზამთრო წყენს და იწამლებიან ბავშვები. თუ ეს საზამთრო დაახლოებით ერთი თვის მოწყვეტილია და დევს მაგისტრალებზე, მაღალ ტემპერატურაზე, მხურვალე მზეზე, ან როცა სანაპიროზე გაგვაქვს და იქ ვჭრით, საზამთრო მოთავსებულია სხვა მალფუჭებად პროდუქტთან ერთად, მზის მაღალ ტემპერატურაზე, იქ შეიძლება გამრავლდეს სტაფილოკოკი, განვითარდეს კვებითი ტოქსიკოინფექცია და აქედან ბავშვს განუვითარდეს ნაწლავური ინფექცია. ამიტომ როცა საკვებ პროდუქტს მივირთმევთ, ის უნდა იყოს თერმულად სწორად შენახული და დამუშავებული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (49)

მთავარი თემები