07:41 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე (13)
153 0 0

თითქოს ჩვეულებრივი ამბავია – დედებს ხშირად დაჰყავთ გამოპრანჭული პატარა გოგონები ლამაზი სამოსით, პაწაწინა ტუჩებზე პომადით, შეღებილი თმით და ფრხილებზე ათასფერი ლაქით. მოინდომა პატარამ და უფროსებმაც მარტივად აუსრულეს სურვილი...

იცით რამდენ ქიმიურ ნივთიერებას ეხებიან პატარები ყოველდღიურად? გსმენიათ რამე პარაბენების, ფტალატების, ფენოლების მავნე ზემოქმედების შესახებ ორგანიზმზე? რას ნიშნავს ყოველივე ეს, რა გავლენას ახდენს ის ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამ ყველაფრის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- რა გზით შეიძლება ეს მავნე ნივთიერებები მოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და ჯანმრთელობაზე?

- უკანასკნელ ათწლეულებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაჩქარდა არა მარტო ბავშვის ზრდის ტემპი, რასაც აქსელერაცია ეწოდება, არამედ სქესობრივი მომწიფებაც უფრო ადრე დგება, ვიდრე გასულ საუკუნეში. ყველა დედამ იცის – მენსტრუაციის დადგომის შემდეგ გოგონას სიმაღლეში ზრდა ნელდება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ხშირად კავშირშია წონის მატებასთან, მომდევნო ეტაპებზე კი ძუძუს და საკვერცხის დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

- სად იმალება მავნე ქიმიკატები?

- პარაბენები კონსერვანტებია, რომლებიც ზრდიან კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადას. ამიტომ მათ ხშირად შეხვდებით შამპუნებში, დასაბან გელებში, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში.

ფტალატებს სუნამოებში, დეოდორანტებში, შამპუნებში, ფრჩხილის ლაქებში და კოსმეტიკურ საშუალებებში იპოვით. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგიერთი პლასტმასაც შეიცავს. ამიტომ როცა საქმე ბავშვთა კვებისთვის საჭირო ჭურჭელს ეხება, განსკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ფენოლები, მათ შორის ტრიკლოზანი, ანტიბაქტერიული საპნების და კბილის პასტის შემადგენლობაშია. ცნობისათვის: აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო ტრიკლოზანის შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარებას რეკომენდაციას არ უწევს. ფენოლები შედის ასევე პომადებში, თმის ლაქებში, კანის ლოსიონებში და ის ზრდის ამ საშუალებათა მოქმედების ვადას.

რაც შეეხება ლაურილ სულფატს, რომელიც ასაქაფებელი ნივთიერებაა და შედის ბევრი საპნის, შამპუნის, ტანის გელის შემადგენლობაში, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო მას არ განიხილავს, როგორც კანცეროგენს, თუმცა ამ ნივთიერებას შეუძლია კანის გაღიზიანება და უმჯობესია, თუ ჩვილების შამპუნებსა და ტანის გელებში არ იქნება.

- რისი დაზიანება შეუძლიათ ქიმიკატებს?

- ის, რომ ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან, საყოველთაოდ ცნობილია.

- შეუძლიათ თუ არა მათ ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე?

- როგორც ჩანს, დიახ! ამ მავნე ნივთიერებებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ბავშვის ენდოკრინულ სისტემაზე, მათ აქვთ ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) მსგავსი მოქმედება და ამიტომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც დგება.

რაც შეეხება ვაჟებს, მეცნიერებმა ასეთი კორელაცია ვერ აღმოჩინეს. როგორც ჩანს, მამაკაცის სასქესო ჰორმონების – ანდროგენების მაგვარი მოქმედება მათ არ აქვთ და ამ გზით არ მოქმედებენ ვაჟების რეპროდუქციულ სისტემაზე.

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარების მანძილზე არსებობს რამდენიმე კრიტიკული პერიოდი, როცა მავნე ფაქტორების ზემოქმედება განსაკუთრებულად აისახება მის ორგანიზმზე, მათ შორის მუცლადყოფნის და ადრეული განვითარების პერიოდებში.

- რა შეიძლება გავაკეთოთ?

- შეძლებისდაგვარად ეცადეთ გამოიყენოთ ბიოპროდუქტები. შეზღუდეთ პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საკვების მოსამზადებლად და შესანახად. ბავშვის ჭურჭლის შერჩევისას უპირატებოსობა უსაფრთხო პროდუქციას უნდა მიენიჭოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით. ასეთ პროდუქციას წამყვანი მწარმოებლები გვთავაზობენ.

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არ შეიცვას პარაბენებს, ფტალატებს და ფენოლებს. შეზღუდეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ტრიკლოზანს შეიცავს (საპნები, კბილის პასტები). გახსოვდეთ, ხელზე მიკრობების გასანადგურებლად სრულიად საკმარისია ხელის ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა.

და, ბოლოს, არ არის აუცილებელი თქვენი პატარა პრანჭია აუცილებლად პარაბენგაჟღენთილი მაკიაჟით, ფრჩხილის ლაქით და შეღებილი თმით წარუდგინოთ სამყაროს, ის ხომ ისედაც ძალიან ლამაზი და საყვარელია.

 

თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე (13)

მთავარი თემები