21:32 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მოზარდები

თქვენი ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლია – ფსიქოლოგის რჩევები მასწავლებლებსა და მშობლებს

Flickr/ Samantha Dunne
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
მშობლები და შვილები-2018 (72)
310 0 0

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე.

ნატალია ბაქრაძე
ნატალია ბაქრაძე

ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა.

ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლის პერიოდიდან, ბავშვობიდან იწყება.

ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია, რადგან იგი დაკავშირებულია ადამიანებთან უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან, ცხოვრებისა და ქცევის ფორმების შეცვლასთან.

მოზარდობის პერიოდად ითვლება 11-16 წლამდე. ეს არის „გარდამავალი“ ასაკი ბავშვობიდან დიდობაში. მოზარდობა პროცესია, რომელიც განსაზღვრავს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებას. მაშინ, როდესაც ის თავს ითავისუფლებს მშობლის გავლენებისგან და ეძებს დამოუკიდებლობას, პარალალურად უწევს, ერთი მხრივ, საკუთარი მე-ს პოვნა, მეორე მხრივ კი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლა, რაც თავისთავად უკავშრდება ემოციურ დაძაბულობასა და შფოვით მდგომარეობას.

მოზარდობის პერიოდში იზრდება თანატოლთა როლი, რაც ხელს უწყობს მშობლის უარყოფას, როგორც ავტორიტეტის. მშობლების მხრივ ამ პერიოდში ხშირად იზრდება აკრძალვები და შეზღუდვები. უფროსებისგან ხშირია იმის მითითება, რომ მოზარდი აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ არ აძლევენ სრულ დამოუკიდებლობას, რაც იწვევს კონფლიქტებს.

რა არის ბულინგი და რატომ ვლინდება ის ყველაზე მეტად მოზარდობის პერიოდში

ბულინგი – ეს არის, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ერთი პირი ან ჯგუფი ახორციელებს ძალადობრივ ქცევას და რაც არის დროში გახანგრძლივებული. ბულინგი, იგივე ძალადობრივი ქცევა შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: კიბერბულინგი; სატელევიზიო ბულინგი; ფიზიკური ბულინგი; სექსუალური ბულინგი; ემოციური ბულინგი; ვერბალური ბულინგი.

საყურადღებოა, რომ ბულინგი ყველაზე მძაფრ ხასიათს სწორედ გარდამავალ ასაკში იღებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდი განიცდის მეგობრული ურთიერთობების მოთხოვნილებას, მაგრამ ამ ურთერთობებში შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტები, მეტოქეობა, ხშირად მოზარდები გამოხატავენ აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვისგანაც გრძნობენ საფრთხესა და მუქარას მათი პრესტიჟის და თვითშეფასების მიმართ. ასეთ მოზარდს ახასიათებს დაბალი თვიშეფასება, ეჭვიანობა და შფოთვა. ამ პერიოდში შესაძლოა განიცდიდეს სკოლის მიმართ შიშს, რასაც წინ უძღვის დაცინვისა და შურაცხყოფის შიში, რასაც მოჰყვება სკოლაში სიარულსა და სწავლაზე უარის თქმა. მოზარდი მსგავსი სიმპტომებით შესაძლოა გახდეს მოძალადე ან, პირიქით, მსხვერპლი. ხშირად მოძალადე თავადვეა ძალადობის მსხვერპლი, ოჯახისგან ან სხვა ჯგუფისგან, რომელშიც ის ტრიალებს.

სამწუხაროა, მაგრამ ბულინგი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ადგილის პოვნის, თვითდამკვიდრების გზას წარმოადგენს მოზარდის ცხოვრებში. ჩაგვრითა და ძალადობრივი ქცევით ის საკუთარ თავს იცავს, რათა არ გამოჩნდეს სუსტი და ეს ძალების მოსინჯვის ერთგვარი მარტივი საშუალებაც არის. თან ერთვის აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები და ასევე მისი სასკოლო ცხოვრებიდან მომდინარე გარკვეული სირთულეები.

ვინ და რა მიზეზით შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი

ბულინგის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი მოზარდი გახდეს. ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს სხვების აზრი, კონკრეტული ჯგუფისთვის ან ადამიანისთვის მიუღებელი შეხედულება, ქცევა, გარეგნობა და ა.შ.

მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვანია – როგორ ხვდება მის ახალ მე-ს გარემო, როგორ ხედავს და აფასებს მას? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ასაკი დაკავშირებულია მოზარდის მიერ თავის დამკვიდრებასთან, მაშინ, როდესაც ავტორიტეტი თანატოლი ხდება, მას უწევს მისაღები გახდეს იმ გარემოსთვის, სადაც უწევს ყოფნა. ამ პროცესში კი ხშირია კონფლიქტები როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან.

ზოგჯერ თავად ზრდასრული ადამიანები ხდებიან ბულინგის გამომწვევები. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მშობელი, მასმედია, მთლიანად საზოგადოება და მასში არსებული სტერეოტიპული ხედვები.

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მშობელსა და მასწავლებელზეა, არამედ იმაზეცაა დამოკიდებული, რა ინფორმაციას იღებს მოზარდი ტელევიზიიდან და ინტერნეტ-სივრციდან, რა ინფორმაციის გავლენის ქვეშ ექცევა და რა ინფორმაციის გამო შეიძლება კონკრეტული მოზარდი გახდეს ბულინგის მსხვერპლი, რა იარლიყებს ვაკრავთ მათ გარეგნობის, ქცევებისა თუ ინტერესების გამო. მარტივია – ერთმა დაუფიქრებელმა კომენტარმა, არასწორად აღქმულმა რეალობამ მოზარდი ბულინგის მსხვერპლად აქციოს. გარემო პასუხისმგებელია იმაზე, როგორ აღიქვამს და როგორი დამოკიდებულება ექნება მას საკუთარი თავისადმი.

რჩევები მშობლებს:

-ეცადეთ ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან იმეგობროთ საკუთარ შვილებთან, რათა მათ მოზარდობის პერიოდში არ დაიწყონ თქვენგან გაქცევა და „თავშესაფრის“ სხვაგან ძებნა;

-ასწავლეთ შვილებს, როგორ დაიცვან საკუთარი აზრი და როგორ მოაგვარონ კონფლიქტი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სხვისი ღირსების შელახვის გარეშე;

-მოუსმინეთ შვილებს და პატივი ეცით მათ აზრს, დაანახეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეხედულებები;

-ხშირად გაიხსენეთ თქვენი მოზარდობის პერიოდი, რას განიცდიდით, რა გაკლდათ, რა სურვილები გქონდათ, როგორ რეაგირებდით ირგვლივ მყოფთა აზრსა და კრიტიკაზე;

-თუ ხედავთ, რომ მისი რომელიმე აზრი ან ქმედება საფრთხეს უქმნის მას, გადაჭერით ეს პრობლემა მეგობრული საუბრით, პირადი გამოცდილების მაგალითით და არა ჩხუბით;

-ნურასდროს შეადარებთ თქვენ შვილს სხვას, ის არ არის ვალდებული, ვინმეს მსგავსი იყოს. მას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორადაც გრძნობს თავს;

-ნუ შეშფოთდებით თქვენი შვილის სურვილზე, ჰქონდეს გრძელი ან ფერადი თმა, ხშირ შემთხვევაში ეს უბრალო გატაცებაა, რომელიც მალე გაივლის;

-იქონიეთ დისტანცია და ზედმეტად ნუ  ჩაერევით მათ ცხოვრებაში, თუმცა ნურც ძალიან შორს დაიჭერთ თავს;

-მინიმუმამდე დაიყვანეთ აკრძალვები;

- იქონიეთ მუმივი კონტაქტი მასწავლებელთან

ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე სახლში, ამიტომ პედაგოგების მოვალეობაა აღზრდის საშუალებით უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.

რჩევები მასწავლებლებს

-დააკვირდით კლასში არსებულ გარემოს, ურთიერთობებს და პირველივე შემთხვევის აღმოჩენისას მოსწავლეებთან ერთად დაიწყეთ არსებული პრობლემის მოგვარება;

-პირდაპირ ნუ დაადებთ ხელს დამნაშავეს, მოყევით ამბავი, სადაც გადმოცემული იქნება კლასში არსებული სიტუაციის მსგავსი შემთხვევა და ბავშვებს სთხოვეთ ამ პრობლემის გადაწყვეტა. გამოკვეთეთ დამნაშავის უარყოფითი საქციელის სავარაუდო შედეგი და მსხვერპლის მდგომარეობა;

-აჩვენეთ მოძალადეს, რომ არ შეეგუებით მის ქცევას და კლასის წევრებიც ჩართეთ ამ პროცესში. დაიმახსოვრეთ, რომ ეს ყველფერი უნდა ხორციელდებოდეს არა პირდაპირი გზით, კონკრეტული მაგალითის ან ამბის განხილვით;

-გამოიყენეთ აქტივობები, რომელიც გარიყულ და იგნორირებულ ჯგუფის წევრებს მნიშვნელოვან წევრებად აქცევს;

-აკონტროლეთ საკუთარი თავი, ბრაზის მიუხედავად ეცადეთ, ნუ შეურაცხყოფთ მოსწავლეს, რათა შემდგომში ეს ბულინგის აღმოცენების მაპროვოცირებელი არ გახდეს;

-დააკვირდით კლასის წევრებს, აუცილებლად შენიშნავთ ლიდერებს, როგორ და რის ხარჯზე არიან ისინი ლიდერები;  დაიხმარეთ ისინი გარიყული წევრების ჯგუფში შემოყვანასა და მიღებაში (დაიხმარეთ ფსიქოლოგი);

-გამოხატეთ მხარდაჭერა კლასის იმ წევრებისადმი, რომლებიც ნაკლებად პოპულარული წევრები არიან კლასში;

-თუ კონფლიქტს შენიშნავთ, დაპირისპირებულ მხარეებს ნურასდროს მოახდევინებთ ბოდიშს ძალით, ეს საქმეს არ შველის, ხშირად სკოლის გარეთ გრძელდება მსგავსი დაპირისპირებები;

- იყავით მეგობრულად განწყობილი მოსწავლეებთან და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი მშობელთან.

აუცილებელია ბულინგის ყოველი შემთხვევა დროულად გამოვლინდეს. ძალადობის მსხვერპლს და მოძალადეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია.

 

თემები:
მშობლები და შვილები-2018 (72)

მთავარი თემები