10:34 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655
არ გაბედოთ სიყვარული

სიყვარული და ცრურწმენა - თურმე სიყვარულსაც სჭირდება სტაბილურობა

CC0 / Pixabay / Takmeomeo
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
357180

რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

რა გვემართება მაშინ, როცა ვინმე მოგვწონს? სასიამოვნოდ ვშფოთავთ, სულ მასზე ვფიქრობთ, გვაქვს ვეგეტატიური განცდები: გულისცემის გახშირება, ჟრუანტელი გვივლის, სასიამოვნო სითბო დაგვივლის სხეულში; ყველგან თვალებით ვეძებთ, აქტივირდება ფანტაზია და წარმოვიდგენთ, როგორ ვცხოვრობთ ერთად, დავდივართ სამოგზაუროდ, ერთად ვქმნით ყველაფერს… ყველაფერი აქედან იწყება, მაგრამ ეს ჯერ არ არის სიყვარული. ეს მოწონება, სექსუალური ლტოლვა, ფიზიკური სწრაფვაა.

და მაინც…რა არის სიყვარული

სიყვარული სტაბილური, დაღვინებული მდგომარეობაა, რომელიც ჩვენგან დროს, ურთიერთობას, გულწრფელობას მოითხოვს. შეიძლება ტესტითაც კი შევამოწმოთ, რამდენად შეგვიძლია საყვარელ ადამიანთან მშვიდად, მსუბუქად ყოფნა, რამდენად ვახერხებთ მასთან სიჩუმეში ყოფნას, ყოველგვარი ქვე-აზრების გარეშე — მაშინ, როდესაც უბრალოდ არაფერს ვაკეთებთ… „აუცილებლად ბევრი უნდა ვისაუბროთ, სალაპარაკო თემა თუ გამოგველია, ახლა რაღა ვქნათ, როგორ შევავსოთ დრო, ის იფიქრებს, რომ უინტერესო, „ერთი ჩვეულებრივი ადამიანი“ ვარ“. გამოდის, რომ ურთიერთობისას შფოთვა და დაძაბულობა უფრო მეტია, ვიდრე სიამოვნება, არადა სწორედ ამ ჩვეულებრივი სტაბილურობის მიღწევაა მნიშვნელოვანი სიყვარულის დროს. სიყვარულია, როცა დრამაზე და მელოდრამაზე კი არ ვაგებთ ურთიერთობას, არამედ სტაბილური, ჩვეულებრივი დადებითი ემოციებით ვტკბებით, არა ეიფორიით, არამედ ჩვეულებრივი სასიამოვნო განცდებით. ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას უწოდებენ ხოლმე სიყვარულს, არადა ეს შეიძლება ილუზია, ცრურწმენა იყოს.

ღმერთკაცი და „არავინ“

„პრინცისა“ და „პრინცესას“ ლოდინი ილუზიაა, პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური სურვილი, ოცნება დავისახე, რადგან „პრინცები“ და „პრინცესები“ არ არსებობენ, არსებობენ ჩვეულებრივი ადამიანები.. თუმცა თუ მართლა მგონია, რომ „პრინცი“ ვიპოვე, ესეც დრებითი ილუზიაა, რადგან „პრინცის“ ძიების სურვილი უკვე იმას გულისხმობს, რომ მე „პრინცესა“ არ ვარ, ბევრად მდაბლად წარმომიდგენია თავი, ამიტომ იმის მძაფრი შიში ყოველთვის არსებობს ჩემში, რომ „პრინცი“ მალე მიმატოვებს, ის ხომ „ღმერთკაცია“, მე კი — „არავინ“. ანუ „მე აუცილებლად მისატოვებელი, ცუდი ადამიანი ვარ“. ეს არის ჩემი ბაზისური რწმენა-შეხედულება, რომელიც აუცილებლად უნდა გამართლდეს. სწორედ ამისთვის მჭირდებოდა „ღმერთკაცის“ გამოგონება, რომ ჩემი მოწონების შანსები ნაკლები ყოფილიყო. თუმცა თუ მართლა მოვეწონე „პრინცს“, ჩემი ტკბობის მდგომარეობა, რომ თითქოს ოცნება ამიხდა, დროებითია. დღე-დღეზე ველოდები, რომ „ჩემს ნამდვილ სახეს“, „ჩემს უვარგისობას“ დაინახავს „ღმერთკაცი“ და უკანმოუხედავად მიმატოვებს. მაგრამ „პრინცი“ არ მიდის, კვლავ ჩემთანაა, ახლა შეუთავსებლობაში ვარ ჩემს რწმენა-შეხედულებასთან, „მე ხომ ცუდი ვარ, ხომ უნდა მიმატოვონ, რა ხდება?“ რადგან ჩემი რწმენა აუცილებლად უნდა გამართლდეს, ამას მე თვითონ გავაკეთებ, მე გამოვიწვევ, რომ მიმატოვონ, ხშირად ვიჩხუბებ, ეჭვიანობის სცენებს დავდგამ, შარს მოვდებ, შანტაჟს მოვუწყობ, ბევრ რამეს მოვთხოვ, რომელთა შესრულებაც შეიძლება არ იყოს იოლი, ვუღალატებ, ყელში ამოვუყვან ჩემს „პრინცს“ ჩემს არსებობას მის ცხოვრებაში და ის ერთხელაც წავა, მიმატოვებს. ჩემი რწმენაც გამართლდა, აი, ხომ ვამბობდი, მისატოვებელი ვარ-მეთქი. შემდეგ შეიძლება გავეკიდო ჩემს „ღმერთკაცს“, ვემუდარო, რომ დაბრუნდეს, მაგრამ არაფერი გამომივიდეს. დავრჩი მარტო თვითგვემაში. მსგავსი უარყოფითი შეხედულება, რომ ცუდი ვარ და სიყვარულს არ ვიმსახურებ ბავშვობიდან ყალიბდება მშობლებთან ურთიერთობისას. ეს რწმენები არაცნობიერია და ჩემი ეს დრამატული თამაშებიც „სიყვარულის სახელით“ ცნობიერების მიღმა მიმდინარეობს. ყველა თამაში შესაძლოა ასეთი ტრაგიკული არ იყოს, თუმცა მაინც ერთმანეთს ჰგავს და მათი საფუძველი ნორმალური, სტაბილური ურთიერთობის შიშია.

სეზონური ფლირტი

სეზონური ფლირტი, თუ რომანი, რა თქმა უნდა, სიყვარული არ არის, ეს საწყისია — ჯერ კიდევ ეიფორიისმაგვარი მდგომარეობაა. ამიტომ როცა შვებულებიდან თუ არდადაგებიდან ვბრუნდებით აუცილებელია ვიფიქროთ საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ემოციებზე, ჩვენს სურვილებსა თუ მოლოდინებზე და შესაბამისად გავაგრძელოთ ურთიერთობა. თერაპიაზე კარგად ჩანს, რომ თუ საკუთარი თავი ჩემს „პარტნიორზე“ მაღლა მდგომად წარმომიდგენია, დროებითი, სეზონური ურთიერთობისას თავს კარგად ვგრძნობ, სწორედ იმიტომ, რომ ამ ურთიერთობას სახლიდან შორს, დროებითად აღვიქვამ და პასუხისმგებლობას არ ვიღებ მასზე, ვთვლი, რომ ცოტა ხნით შეიძლება რომანტიკაში ჩაძირვა. წარმოვიდგინოთ, რომ შვებულების დასრულების შემდგომ, ჩემი „პარტნიორის“ ინიციატივით ვაგრძელებთ ურთიერთობას. ის კვლავ მეტრფის და გულწრფელი გეგმები აქვს ჩვენთან დაკავშირებით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შვებულება მეც სიამტკბილობაში გავატარე, ახლა ამ ადამიანის მიმართ ზიზღი და აუტანლობა მეწყება და მალევე კონფლიქტებითა თუ უკონფლიქტოდ ვწყვეტ ურთიერთობას. თავიდან გახარებული ვარ, რომ როგორც იქნა, მოვიცილე ეს აუტანელი ადამიანი, მაგრამ ცოტა ხანში ვითრგუნები, სევდა მიპყრობს და ვერ გამიგია, სულ ასე როგორ მემართება, რა მჭირს, თავიდან ხომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მერე რატომ იცვლება სიტუაცია? ამ კითხვებს ვერ ვპასუხობ, ვერაფერს ვარკვევ და „უკეთესის მოლოდინის ილუზიით“ იგივე წრეზე ვტრიალებ, საბოლოოდ კი ჩემი ხვედრი დიდი ალბათობით მარტო დარჩენაა. ვფიქრობ, რომ ჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობა არავის მოუნდება. აღნიშნული დამოკიდებულებების, რწმენა-შეხედულებების გაცნობიერება, თვითშეფასებასა და შიშებზე მუშაობა უპირობოდ მნიშვნელოვანია. ამ პრობლემების დაძლევა ფსიქოთერაპიით შეიძლება.

ფლირტი ადვილია, სტაბილური ურთიერთობა — საშიში

მამაკაცებს ხშირად დროებითი, სეზონური ურთიერთობა ურჩევნიათ, რადგან მსგავსი კავშირი უფრო ადვილია, ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთბაზე პასუხისმგებლობის აღება კი საშიშია. მათ შესაძლოა მექალთანეებად მოგვაჩვენონ, თავიანთი მრავალმხრივი, მრავალფეროვანი ურთიერთობებით მოგვაწონონ თავი, ამას სტერეოტიპიც შეიძლება ამართლებდეს, რაც მეტი კავშირი აქვს მამაკაცს, მით უფრო მაგარი კაცია. ის სწორედ ამ შეხედულებებით იღებს ბონუსებს საზოგადოებისგან. შესაძლებელია მამაკაცს ცოლი ჰყავდეს, თუმცა ამასთანავე, ჰყავდეს საყვარელი, სექს-მუშაკებთანაც ერთობოდეს და თავს იმით იმართლებდეს, რომ ცოლთან ვერ ექნება ისეთი სექსი, როგორი მრავალფეროვანი მოთხოვნილებებიც აქვს, სხვებთან შეიძლება ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, მეუღლესთან — არა. ესეც თავდაცვითი მექანიზმია. ერთგულება ზნეობრივი სიტყვა არ არის, რომ მოვუწოდოთ ერთმანეთს ერთგულებისკენ, ნორმაში ერთგულება ბუნებრივი მდგომარეობაა. ხოლო თუ ეს მდგომარეობა ირღვევა, ეს ნევროტულობიდან გამომდინარეობს, მის საფუძვლად შიში, შფოთვა, დაძაბულობა, სამაგიეროს გადახდის სურვილი და ეიფორიაა.

სიყვარულს არ სჭირდება დრამები, მელოდრამები

იმ შემთხვევაში თუ კავშირს უსაქმურ, ხულიგან ადამიანთან ვამყარებ, რომელთან ურთიერთობასაც პერსპექტივა არ ექნება, ისმის კითხვა: რატომ შევდივარ კონტაქტში, რატომ მომწონს უპერსპექტივო ადამიანი? იქნებ „პრინცესად“, „ქალღმერთად“ მაგრძნობინა თავი? მალევე მაჩვენებს, რომ მონუსხულია ჩემით, ჩემნაირი არავინ შეხვედრია, უჩემოდ ვერ იცოცხლებს… მე კი ტკბობის მდგმარეობაში ვვარდები, ეიფორიულ სიამოვნებას ვგრძნობ, ეს ხომ ჩემს ქალობას უსვამს ხაზს. მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია. როცა „პრინცესობას“ ვიფერებ, ეს ჩემს თვითშეფასების პრობლემატიკაზე მიუთითებს. ნამდვილი სიყვარული, ადამიანთან ყოფნის სურვილი იმას არ ნიშნავს, რომ მის გარეშე მოკვდები, მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია. სიყვარულს არ სჭირდება დრამები და მელოდრამები. ამ თამაშში მე და ჩემი პარტნიორი ვხვდებით ერთმანეთს, ის საკუთარი თავის ნიველირებას ახდენს და ჩემს გაღმერთებას იწყებს, მე კი ეს ძალიან მსიამოვნებს. ამით ვიღებთ სიყვარულის ილუზიას. ეს ორივე პარტნიორის ნევროტული მდგომარეობაა, სწორედ ამგვარ თამაშებზეა ხოლმე აგებული ოჯახური დრამები. მამაკაცი, რომელიც საკუთარი თავის განულებას ახდენს ჩემი გაღმერთებით, მისი რწმენა-შეხედულება „მე ცუდი ვარ, მისატოვებელი ვარ“ არის, ამიტომ ის ამ რწმენის გასამართლებლად ყველაფერზე წავა, თუ მე მანამდე არ მივატოვე, ძალით გამოიწვევს ჩემგან მიტოვებას, შემდეგ ისევ მოვა შერიგების ხვეწნა-მუდარით, მეც ჩავვარდები კვლავ ტკბობის მდგმარეობაში, რომ ასე აშკარად „პრინცესობის“ განცდა არავისთან მქონია, დავბრუნდები მასთან და ასე გაგრძელდება ერთ ჩაკეტილ წრეზე სიარული, სანამ ალბათ უფრო სავალალო შედეგს არ მივიღებთ ან ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც არ გამოვა ამ ცნობიერების მიღმა არსებული ნევროტული თამაშიდან. ამ დრამების შეჩერება და მდგომარეობის შეცვლა ფსიქოთერაპიით ნამდვილად შესაძლებელია.

სიყვარული პოზიტიური ურთიერთობაა, სასიამოვნო ემოციების ნაკრებია, სიყვარული თავისუფლებას, სიმსუბუქეს გვაგრძნობინებს და არა დაძაბულბას, შიშს, დრამატულობასა და ეიფორიას. ურთიერთობა ორმხრივია, გულწრფელი, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს გულწრფელად ვესაუბროთ, თუ რამე გვაწუხებს, არ მოგვწონს. სიყვარული თანამშრომლობა და ურთიერთშეთანხმებაა და არა მსხვერპლშეწირვა, არ არის აუცილებელი ჩვენი ემოციების ყოველ წუთას მტკიცება. ჩვენ ერთად გვინდა ყოფნა, თანაცხოვრება, სიყვარული ბუნებრივი მდგომარეობაა. ამის მაქსიმალურად განცდას სტაბილური ფსიქიკა სჭირდება. ყველას გისურვებთ პოზიტიურ, აუთენტურ ემოციებზე დაფუძნებულ სიყვარულს.

 

მთავარი თემები