სოციალურ ფსიქოლოგიაში ცხოვრების მეგზურის გამოჩენისთვის ოთხი ძირითადი პირობაა გამოყოფილი.
1. ტერიტორიული სიახლოვე
ეს პირველი და მნიშვნელოვანი პირობაა. ტერიტორიული სიახლოვე არ გულისხმობს ერთ სადარბაზოში ან ერთ სახლში ცხოვრებას. ესაა მუდმივი ურთიერთქმედება ერთ ტერიტორიაზე.
აქ საკვანძო სიტყვაა ურთიერთქმედება. თუ, მაგალითად, სავარჯიშო დარბაზში დადიხართ, საუკეთესო შემთხვევაში, მწვრთნელთან გაქვთ საქმე, ანუ ურთიერთქმედება, მაგრამ თუ, დავუშვათ, თეატრალურ სტუდიაში დადიხართ, თქვენ ბევრი და აქტიური ურთიერთქმედება გაქვთ სტუდიის მონაწილეებთან. ამ ურთიერთქმედებაში ჩნდება ადამიანის შეხედულებები, მისი ჩვევები, ინტერესები და ა. შ.
დაახლოება ნელ-ნელა ხდება, სამაგიეროდ — სწორად — თავდაპირველად ინტერესი/სწრაფვა, შემდეგ ემოციური სიახლოვე, მერე უკვე ინტიმურ სიახლოვემდეც მიდის საქმე. შედეგად, ადამიანებს აქვთ სასაუბრო თემა, ნაკლებად უცრუვდებათ იმედები და ნაკლებია გატეხილი გულებიც.
დღევანდელობაში ასეთი ადგილები, სამწუხაროდ, ნაკლებია. ჩვეულებრივ, ყველაფერი სამსახურში ხდება, ადამიანების უმეტესობას დიდ ქალაქებში თავისუფალი დრო სამსახურამდე მისვლასა და უკან დაბრუნებაში ეხარჯება, ხოლო უქმეები გამოძინებასა და სახლის მინიმალურ საქმეებს ხმარდება.
მიუხედავად ამისა, თუ ცხოვრების მეგზური გჭირდებათ, გამოდით ინტერნეტიდან და წადით ადამიანებთან, დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმით სხვა ადამიანებთან ერთად. დიდი ალბათობით, თქვენთვის შესაფერის ადამიანს შეხვდებით.
2. ფიზიკური მიმზიდველობა
როგორც კვლევები აჩვენებს, ადამიანები დაახლოებით თავისი დონის მიმზიდველობის პარტნიორებს ირჩევენ.
გასაგებია, რომ მიმზიდველობა პირობითი ცნებაა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მიმზიდველობის ჩვენი დონე გვაქვს.
ჩანს, ზურგის ტვინის დონეზე გვესმის და ამიტომ ვირჩევთ იმათ, ვინც მეტ-ნაკლებად ჩვენი "თანასწორია".
რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, როდესაც ფიზიკური მიმზიდველობის მიღმა კიდევ რაღაც ამოქმედდება ხოლმე. სანიმუშო მაგალითი — ფინანსურმა უზრუნველყოფამ შეუხედავი მამაკაცის მიმზიდველობა შეიძლება აამაღლოს, ამასთან, არაა აუცილებელი, პარტნიორს ანგარება ამოძრავებდეს.
3. ფასეულობების მსგავსება
ხშირად ამბობენ, რომ მეუღლეები ერთი სოციალური წრის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. ეს სულ ასე არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მეუღლეების ფასეულობები, ცხოვრებისეული შეხედულებები დაემთხვეს.
შესაძლოა, ერთი და იმავე სოციალური წრის წარმომადგენლებს ფასეულობებში ასეთი მსგავსება ჰქონდეთ, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. ასეთი მსგავსება სრულიად განსხვავებული სოციალური წრის წარმომადგენლებსაც შეიძლება ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, ფასეულობების დამთხვევა არ უნდა გავიგოთ, როგორც მათი სრული იდენტურობა. არ არსებობენ ადამიანები, რომელთა შეხედულებები იდენტურია ყველა თვალსაზრისით. საკმარისია, თუ შეხედულებები ასე თუ ისე მსგავსია.
4. სიმპათია
ჩვეულებრივ, ვირჩევთ იმას, ვინც ჩვენდამი სიმპათიას ამჟღავნებს. არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, გამომჟღავნებული სიცივე ჯოჯოხეთურად გვიზიდავს, მაგრამ ეს სრულებით არ ეწინააღმდეგება სიმპათიის თეზისს.
საქმე ისაა, რომ გვიყვარს ისინი, ვისი ქცევაც ასე თუ ისე დაგვაჯილდოებს, ან ისინი, ვინც ჩვენში ასეთ ჯილდოსთან ასოცირდება.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ თანაბარი მიმზიდველობის ორი გოგონა და ერთი ბიჭი. ერთი გოგონა ბიჭის მიმართ სიმპათიას ამჟღავნებს, მაგრამ ბიჭს რატომღაც მეორე გოგონა აინტერესებს.
ეს იმით აიხსნება, რომ, როგორც ბიჭს ჰგონია, მეორე გოგონა უფრო მეტად დააჯილდოებს — შეიძლება მას წითური თმა აქვს, რომელიც ბიჭს ძალიან მოსწონს, შეიძლება მამა ჰყავს დეკანი და ახალგაზრდას სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებში დაეხმაროს. ამას მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეორე მეტ ჯილდოს "ჰპირდება", ვიდრე პირველი.
თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ, დაიწყეთ სხვა ადამიანებთან ერთად რაიმეს კეთება, დააკვირდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარეგნობას შეესაბამებიან, არ მოგერიდოთ ცხოვრებაზე თქვენი შეხედულებების ჩვენება და გამოხატეთ სიმპათია მათ მიმართ, ვინც მოგწონთ.
სტატია მომზადებულია პაველ ზიგმანტოვიჩის მოსაზრებებზე დაყრდნობით.