23:21 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
1288110

ქვეყანა მაშინ არის პროგრესის გზაზე, როდესაც ხელისუფლებაში საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები არიან, რათა სულელებს ჭკვიანების შექმნილის დანგრევის საშუალება არ მისცენ. რეგრესის გზაზე მდგარ ქვეყანაშიც ამდენივე სულელია, ოღონდ სათავეში სულელი ბანდიტების წილი უფრო მაღალია და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება.

"სიბრძნის სიმფონია" ამჯერად სისულელის კანონებს გთავაზობთ — ვინ არიან სულელი ადამიანები, რამდენად საშიშნი არიან ისინი… არ გაგიკვირდეთ, მაგრამ სულელები გვხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს, მმართველი მაღალი რგოლის წარმომადგენლებსა და ნობელის პრემიის ლაურეატებს შორისაც კი…

იტალიელმა ისტორიკოს-ეკონომისტმა კარლო ჩიპოლამ სისულელის ბუნება საფუძვლიანად შეისწავლა. მეცნიერი მრავალწლიანმა კვლევამ ხუთ უნივერსალურ კანონამდე მიიყვანა. ეს კანონები ნებისმიერ საზოგადოებაში მუშაობს. აღმოჩნდა, რომ სისულელე თავისთავად ბევრად საშიში რამაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

კანონი პირველი

• ადამიანი ყოველთვის ბოლომდე არ აფასებს გარშემო მყოფი იდიოტების რაოდენობას.

ბანალურია და სნობური, მაგრამ ცხოვრება მის ჭეშმარიტებას ადასტურებს. როგორც არ უნდა აფასებდეთ ადამიანებს, მუდმივად შეეჯახებით შემდეგ სიტუაციებს:

შილერის გამონათქვამი
შილერის გამონათქვამი

• ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჭკვიანურად და რაციონალურად გამოიყურებოდა, დაუჯერებელია, მაგრამ იდიოტი აღმოჩნდა;

• სულელები ყოველთვის ყველაზე მოულოდნელ ადგილზე, ყველაზე უდროო დროს ჩნდებიან, რათა თქვენი გეგმები ჩაშალონ.

კანონი მეორე

• იმის ალბათობა, რომ ადამიანი სულელია, მის სხვა თვისებებზე დამოკიდებული არ არის.

წლების განმავლობაში დაკვირვებებმა და ცდებმა აჩვენა, რომ ადამიანები თანასწორი არ არიან — ერთნი სულელები არიან, მეორენი — არა და ამ თვისებას ბუნება დებს ადამიანში და არ არის განპირობებული კულტურული ფაქტორებით. ადამიანი არის სულელი ისევე, როგორც წითური ან პირველი ჯგუფის სისხლის მქონე…

განათლებას საზოგადოებაში სულელების გარკვეული რაოდენობის არსებობის ალბათობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა. თანაც, ეს ექსპერიმენტები უნივერსიტეტებში ხუთ ჯგუფში ჩატარდა: სტუდენტების, ოფისის თანამშრომლების, მომსახურე პერსონალის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მასწავლებლების ჯგუფებში. როდესაც კარლო ჩიპოლამ ჯგუფების ანალიზი დაბალკვალიფიციური თანამშრომლების ჯგუფიდან დაიწყო, შენიშნა, რომ სულელების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ეს მან სოციალურ პირობებს მიაწერა — სიღარიბეს, სეგრეგაციას, არასაკმარის განათლებას. მაგრამ სოციალურ კიბეზე ასვლისას შენიშნა, რომ სხვა ჯგუფებშიც იგივე თანაფარდობა იყო, ანუ პატარა პროვინციული კოლეჯისა და მსხვილი უნივერსიტეტის პროფესორებს შორის სულელების ერთი და იგივე წილი მოდიოდა. მან ექსპერიმენტი ჩაატარა ინტელექტუალურ ელიტაზე — ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის — იმავე რაოდენობის სულელი იყო ნობელის ლაურეატების ჯგუფშიც.

მეორე კანონის იდეის მიღება რთულია, მაგრამ მას მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტი ადასტურებს.

კანონი მესამე

• სულელი — ეს არის ადამიანი, ვისი მოქმედებაც სხვა ადამიანს ან ადამიანების ჯგუფებს აზარალებს, თან მოქმედი სუბიექტისთვისაც სარგებელი არ მოაქვს და შესაძლოა, მასაც ზიანიც მიადგეს.

მესამე კანონი ვარაუდობს, რომ ყველა ადამიანი 4 ჯგუფად იყოფა: არიფი, ჭკვიანი, ბანდიტი და სულელი.

მაგალითად, ნიკა საქმიანობს, მაგრამ ზარალშია, ამ დროს ვანო ამ საქმიანობისგან სარგებელს ნახულობს. ამ დროს ნიკა არიფია. თუ ნიკა ისეთ საქმიანობას ეწევა, რომ თვითონაც ხეირობს და ვანოც, მაშინ ის ჭკვიანია, რადგან ჭკვიანურად მოქმედებს. თუ ნიკას მოქმედება მას სარგებელს აძლევს, მაგრამ ვანო ზარალდება, მაშინ ნიკა ბანდიტია. ხოლო როდესაც სულელი ნიკა სულელების ჯგუფს განეკუთვნება, მაშინ ის ორივე მინუს-ჯგუფშია.

კრილოვის გამონათქვამი
კრილოვის გამონათქვამი

რთული არაა წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის ზარალის მიყენება შეუძლიათ სულელ ადამიანებს, როდესაც ისინი მმართველ ორგანოებში არიან და პოლიტიკური და სოციალური უფლებამოსილებები აქვთ. ცალკეა დასაზუსტებელი, რატომ არის საშიში სულელი.

სულელი ადამიანები საშიში არიან იმიტომ, რომ რაციონალურ ადამიანები ძნელად მიჰყვებიან არაგონივრული ადამიანის ქცევის ლოგიკას. ჭკვიან ადამიანს შეუძლია ბანდიტის ლოგიკას ჩაწვდეს, რადგან ბანდიტი რაციონალურია — მას, უბრალოდ, მეტი სარგებლის მიღება უნდა და ეს რომ გამოიმუშაოს, ამისთვის საკმარისად ჭკვიანი არ არის. სულელის მოქმედების განჭვრეტა შეუძლებელია, ის სხვა ადამიანს ავნებს უმიზეზოდ, უმიზნოდ, გეგმის გარეშე, ყველაზე მოულოდნელ ადგილასა და ყველაზე უდროო დროს. ჭკვიანს არანაირი საშუალება არა აქვს, გათვალოს, როდის მიაყენებს დარტყმას სულელი. სულელთან დაპირისპირებისას ჭკვიანი მთლიანად სულელის გულმოწყალებაზეა მინდობილი.

სულელის შეტევა, ჩვეულებრივ, ძალზე მოულოდნელია.

როდესაც შეტევა ცხადი, თვალნათელი ხდება, მისგან თავის დაცვა რთულია, რადგან მას რაციონალური სტრუქტურა არ გააჩნია.

ესარის გამონათქვამი
ესარის გამონათქვამი

კანონი მეოთხე

• არასულელები ყოველთვის არასაკმარისად აფასებენ სულელების დამანგრეველ პოტენციალს.

კერძოდ, არასულელები მუდამ ივიწყებენ იმის თაობაზე, რომ სულელთან საქმის დაჭერა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში ნიშნავს შეცდომის დაშვებას, რომელიც მომავალში ძვირი დაჯდება.

არიფებს რომ სულელების საშიშროების ამოცნობა არ შეუძლიათ, გასაკვირი არაა. გასაკვირია ის, რომ სულელებს ვერ ცნობენ ჭკვიანებიც და ბანდიტებიც. სულელების თანდასწრებით ისინი დუნდებიან და საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობით ტკბებიან იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მოიკრიბონ ძალა და მინიმუმამდე დაიყვანო ზარალი, როდესაც სულელი რამეს "გამოაგდებს".

გავრცელებული სტერეოტიპი, რომ სულელი მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, არასწორია. სულელი არიფთან არ უნდა გააიგივოთ. არასდროს გაერთიანდეთ სულელთან იმის წარმოდგენით, რომ მას საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენებთ. ამ დროს თავად აძლევთ სულელს ხელში ბერკეტს, რომ დიდი ზარალი მოგაყენოთ.

კანონი მეხუთე

• სულელი პიროვნების ყველაზე საშიში ტიპია

სულელი ბანდიტზე საშიშია

იდეალური ბანდიტის ქმედების შედეგი ერთი ადამიანიდან მეორეზე სიკეთის გადასვლაა. მთლიანობაში საზოგადოება ამის გამო არ წუხდება. ამ სოციუმის ყველა წევრი რომ იდეალური ბანდიტი იყოს, მას ჩუმად, ნელ-ნელა ამოხდებოდა სული, მაგრამ კატასტროფა არ მოხდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება კორუმპირებულია, ხოლო მოქალაქეები კანონებს მუდმივად გვერდს უვლიან.

რემარკის გამონათქვამი
რემარკის გამონათქვამი

როდესაც სცენაზე სულელები გამოდიან, სურათი მთლიანად იცვლება. ისინი ისე აყენებენ ზიანს, რომ სარგებელს არ იღებენ. სიკეთე, სარგებელი ნადგურდება, საზოგადოება ღარიბდება.

ისტორია ადასტურებს, რომ ნებისმიერ ეპოქასა და პერიოდში ქვეყანა მაშინ არის პროგრესის გზაზე, როდესაც ხელისუფლებაში საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები არიან, რათა შეაკავონ სულელები და მათ იმის დანგრევის უფლება არ მისცენ, რაც ჭკვიანებმა შექმნეს. რეგრესის გზაზე მდგარ ქვეყანაში იმდენივე სულელია, ოღონდ სათავეში სულელი ბანდიტების წილი უფრო მაღალია, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში — მიამიტი არიფების. განლაგების ასეთი ცვლა უცვლელად აძლიერებს სულელების ქმედებების დესტრუქციულ შედეგებს და მთელი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება.

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები