15:14 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
ბარამბო ყვავილობისას

ბარამბო ფუტკრის ერთ-ერთი საყვარელი მცენარე

© Flickr/ Jessie Hirsch
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
10380

ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ კუჭის დაავადებების, გულის ნევროზების, ჰიპერტონიის, ასთმის, გაციების, რევმატიზმის დროს. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რეკომენდებულია თავის ტკივილისა და შაკიკის დროს, მაღალი სქესობრივი აღგზნებისას, მენსტრუალური ტკივილისას და სხვა.

ბარამბო Melissa officinalis ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ლიმონის დამახასიათებელი სუნით, დატოტვილი ფესურით, სწორად მდგომი, დატოტვილი ღეროთი, გულისებრ–კვერცხისებრი ფოთლებით. ყვავილობს ივნის–სექტემბერში.

ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.

ბარამბოს სამშობლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთს მიიჩნევენ, ასევე ჩრდილოეთ აფრიკას, სადაც ეს მცენარე 2000-ზე მეტი წელია მოჰყავთ.

ბარამბო
ბარამბო

ველური სახით ბარამბო გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში, ირანში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ამერიკაში, რუსეთში, უკრაინაში, შუა აზიაში, კავკასიაში, მათ შორის – საქართველოში.

ბარამბო პირველად თეოფრასტოსმა (ბერძენი ფილოსოფოსი, ბუნებათმცოდნე, მუსიკის თეორეტიკოსი, 372-287 წწ ჩვ.წ.აღ.-მდე) აღწერა.

თითქმის 1000 წლის წინ აბუ ალი იბნ სინა (ავიცენა) ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე მიუთითებდა. ის წერდა, რომ ბარამბო ორგანიზმს ამხნევებს და ამაგრებს, ხელს უწყობს ტვინის "დაცობისგან" გათავისუფლებას, პირიდან ცუდი სუნის მოშორებას.

ბარამბო შეიცავს ეთერზეთს ლიმონის ძლიერი სუნით, ეთერზეთის შემადგენლობაში გამოყოფილი და აღწერილია დაახლოებით 200 ნაერთი. ასევე ასკორბინის მჟავას, ფისს, ფოთლებში არის მთრიმლავი ნივთიერებები.

ბარამბოში არის ვიტამინები В1, В2, С, β-კაროტინი; მაკროელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და მიკროელემენტები – მანგანუმი, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, ქრომი, სელენი, ნიკელი, ვანადიუმი.

ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ კუჭის დაავადებების, გულის ნევროზების, ჰიპერტონიის, ასთმის, გაციების, რევმატიზმის დროს. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღძრავს მადას, შველის მეტეორიზმის დროს. რეკომენდებულია თავის ტკივილისა და შაკიკის დროს, მაღალი სქესობრივი აღგზნებისას, მენსტრუალური ტკივილისას, კანზე გამონაყარის, ალერგიული დიათეზის, ორგანიზმის ნერვული ან ზოგადი სისუსტის დროს და როგორც ანტიდეპრესანტი.

ბარამბო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში. პრეპარატები ბარამბოს შემადგენლობით ინიშნება ნევროზების, გულის დაავადებების, მწვავე და ქრონიკული კუჭ–ნაწლავის დაავადებების, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, ეგზემის, დერმატიტის, ქალური დაავადებების, ორსულებში ტოქსიკოზის, იმუნოდეფიციტის დროს. მცენარის ფოთლები და ზედა ღეროები გარეგანად გამოიყენება კბილის ტკივილის, რევმატიზმისა და დაზიანებების დროს.

ბარამბოს ფოთლები
ბარამბოს ფოთლები

ფარმაცევტულ მრეწველობაში ბარამბოსგან ამზადებენ პრეპარატებს ჩაის, ნაყენების სახით, იღებენ ეთერზეთს, რომელიც ძვირად ფასობს პარფიუმერიაში, ქიმიურ–ფარმაცევტულ, ლიქიორების დამზადებასა და კვებით მრეწველობაში.

ბარამბო ფუტკრის ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. ის ყვავილობის დროს ბევრ ნექტარს იძლევა, ბარამბოს თაფლი გამოირჩევა სასიამოვნო არომატითა და გემოთი და თაფლის საუკეთესო სახეობას მიეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ბარამბო ტოქსინებს მცირე რაოდენობით შეიცავს, მისი მიღება არასასურველია ჰიპოტონიის დროს. მისი მიღებისას უარი უნდა ითქვას ისეთ საქმიანობაზე, რომელიც კარგ ფსიქიკურ რეაქციას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, მაგალითად საჭესთან ყოფნისას. მცენარემ შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება და ღებინების შეგრძნება, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დიარეა, ყურადღების მოდუნება და სხვა.

 

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

მთავარი თემები