სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა: რამდენიმე ვერსია

© Pixabay / NickyPeფერადი კვერცხები
ფერადი კვერცხები - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
კვერცხების შეღებვა და მოხატვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ტრადიციაა. სააღდგომოდ მაღაზიებში უამრავი დეკორატიული მასალა და მოსართავი იყიდება კვერცხების გასაფორმებლად.

„Sputnik–საქართველო“ კვერცხის ნატურალური ინგრედიენტებით შეღებვის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

ზოგადი რჩევები

კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან. ოთახის ტემპერატურის კვერცხი ხარშვისას არ გასკდება.  

იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად დაედოს კვერცხს, აუცილებელია გულდასმით გარეცხოთ. 

სააღდგომო კულიჩები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
ხაჭოს, უსაფუარო, კრემიანი და ცუკატიანი პასკები: განსხვავებული, გემრიელი რეცეპტები

იმისთვის, რომ მოხარშული კვერცხი კარგად გაიფცქვნას, მდუღარიდან ამოღების შემდეგ ცივ წყალში უნდა ჩადოთ. 

იმისთვის, რომ შეღებილი კვერცხი ლაპლაპა იყოს, კარგად უნდა გაამშრალოთ და ზეთით გააპრიალოთ. 

საკვები საღებავები

თუ კვერცხის საკვები საღებავით შეღებვა გსურთ, გახსენით წყალში ფხვნილი და 10–20 წუთი ხარშეთ მასში კვერცხი. ფერის ტონალობა საღებავის რაოდენობაზეა დამოკიდებული. 

ნატურალური საღებავები

ეს ბებიების მეთოდია, რომელიც დღემდე აქტუალურია და, რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად უვნებელი, ბავშვებისთვისაც კი. 

ხახვის ფოჩების ნახარში კვერცხს ყვითლადაც ღებავს და მოწითალო–ყავისფრადაც. ფერი ხახვის სახეობასა და ღებვის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ჭარხლის წვენი კვერცხს ვარდისფერს აძლევს; ლიმონი, ფორთოხალი და სტაფილო — ბაც ყვითელს, ხოლო არყის ხის ფოთლები და კალენდულის ყვავილი — კაშკაშა ყვითელს. 

კვერცხს მწვანედ შეგიღებავთ ისპანახისა და ჭინჭრის ნახარში, ლურჯად — წითელი კომბოსტოს ფურცლები, ყავა კრემისფერს აძლევს კვერცხს, ხოლო იის ყვავილები — იისფერს. 

იმის გამო, რომ ზოგიერთი საღებავი არცთუ ინტენსიურად მოქმედებს, შეგიძლიათ კვერცხი მთელი ღამით დატოვოთ ნახარშში, მაგალითად, იისა და ისპანახის ნახარშში.

© Михаил Мокрушинსააღდგომო კვერცხები
სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა: რამდენიმე ვერსია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სააღდგომო კვერცხები

კვერცხის მოხატვა

გრადაციის ეფექტი

იმისთვის, რომ კვერცხი ლამაზად და „რბილად“ გადადიოდეს ფერიდან ფერში, მოათავსეთ ის ჩამჩაში და 3 წუთის განმავლობაში ნახევარზე ცოტა მეტად ჩაუშვით საღებავში, ოღონდ გამუდმებით უნდა ამოიღოთ-ჩაუშვათ. ამის შემდეგ კვერცხის მეორე ნახევარი 5 წუთის განმავლობაში უნდა ღებოთ, ხოლო შემდგომი 5 წუთი — კვერცხის ძირი. 

ზოლიანი კვერცხები

გააზავეთ რამდენიმე ჭიქა საღებავი სხვადასხვა კონცენტრაციით და კვერცხი რიგრიგობით მოათავსეთ ხსნარში სხვადასხვა სიღრმეზე. ასე შეგიძლიათ მართლაც ათასფერი კვერცხი მიიღოთ. 

მაქმანებიანი კვერცხები 

მჭიდროდ შეფუთეთ კვერცხი მაქმანში და 10 წუთით ჩაუშვით საღებავში. 

ბრჭყვიალა კვერცხები 

ამისთვის სხვადასხვა სპეციალური საკვები, შესაბამისად, უსაფრთხო ბრჭყვიალების გამოყენებაა რეკომენდებული. წაუსვით კვერცხს ცილა და ამოავლეთ ბრჭყვიალებში. 

© მეგი გვენეტაძის პირადი არქივიმეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები
სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა: რამდენიმე ვერსია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
მეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები

მოხატული კვერცხები 

ამისთვის ჩვეულებრივი გუაშის საღებავისა და ფანქრის გამოყენება შეიძლება. მთავარია, რომ გრიფელი რბილი იყოს. მოხატვა შესაძლებელია ფუნჯითაც.  

მოკაზმული კვერცხი

კვერცხების მოკაზმვა შესაძლებელია პასკისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საკვები მოსართავით. უბრალოდ ამოავლეთ კვერცხი ცილაში და გააგორეთ მოსართავ მასალაში. 

სხვათა შორის, კვერცხზე სხვადასხვა ორნამენტის გასაკეთებლად საიზოლაციო ლენტიც გამოგადგებათ. გამოჭერით მისგან სხვადასხვა ფიგურები, დააწებეთ კვერცხს, ამოავლეთ საღებავში, მერე კი მოხსენით საიზოლაციო ლენტი ფიგურებით. ორნამენტების მისაღებად თეთრი ძაფი და რეზინის რგოლებიც გამოგადგებათ. 

მოზაიკის ეფექტი

სანამ საღებავში ჩაუშვებთ, კვერცხი დაბზარეთ და ორიგინალური მოხატულობა გარანტირებული გაქვთ. ოღონდ აუცილებლად გამოიყენეთ ნატურალური საღებავი, ვინაიდან დაბზარულ კვერცხში ის აუცილებლად შეაღწევს. 

ფერადოვნად დალაქავებული კვერცხები

შემოახვიეთ კვერცხს სხვადასხვა ფერის მულინის ძაფი და მაგრად მოხარშეთ ჩვეულებრივ წყალში. როცა ძაფებს მოხსნით, ხელში ათასფრად მოხატული კვერცხი შეგრჩებათ.  

მარმარილოსებრი კვერცხები

ამისთვის სხვადასხვა ფერის საღებავი, ზეთი და მხატვრის თვალი დაგჭირდებათ. კვერცხი ჯერ კაშკაშა ფერებით მოხატეთ — მაგალითად, ყვითლად ან ნარინჯისფრად, გააშრეთ, შემდეგ სხვადასხვა ჭურჭელში გააზავეთ მუქი ფერები (ლურჯი, ყავისფერი, იისფერი), ჩაამატეთ ყოველ მათგანში თითო ჩაის კოვზი ზეთი და ფრთხილად მოურიეთ. ამოავლეთ კვერცხი მუქი ფერის საღებავში და მაშინვე ამოიღეთ. 

რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
„საქართველოს რკინიგზამ“ სააღდგომოდ დამატებითი რეისები დანიშნა

აბრეშუმის ორნამენტი  

თუ შინ აბრეშუმის ნაჭრები გაქვთ, შეგიძლიათ უმი კვერცხი მჭიდროდ შეახვიოთ მასში — წაღმა პირით ნაჭუჭისკენ, კარგად დაამაგრეთ. შემდეგ ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაამატეთ ძმარი და ჩააწყეთ კვერცხები. ხარშეთ წამოდუღებიდან 10–12 წუთის განმავლობაში. მზა კვერცხებს გადაავლეთ ცივი წყალი. როცა კვერცხი კარგად გაცივდება, ფრთხილად შემოხსენით ნაჭერი. ნახავთ, რომ ქსოვილის პრინტი ნაჭუჭზეა გადასული. 

უჯრულა და დაჭორფლილი კვერცხები

თუ კვერცხს დაასველებთ და შეღებვის წინ ბრინჯში ან ფეტვში ამოავლებთ, ნაჭუჭზე გაფანტულ კოპლებს მიიღებთ. ხოლო თუ მას ბადეში გაახვევთ, უჯრულა კვერცხი გექნებათ. 

ქათქათა თეთრი ორნამენტები

ეს შაქრის ფხვნილით შეგიძლიათ გააკეთოთ. შეღებეთ კვერცხი სტანდარტული მეთოდით. შაქრის პუდრს შეურიეთ იმდენი წყალი, რომ საკმაოდ სქელი კონსისტენციის ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მოათავსეთ იგი საკონდიტრო შპრიცში და მოხატეთ კვერცხი. დააცადეთ კარგად გაშრობა.  

ყველა ახალი ამბავი
0