დღეს ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების დღეა

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი და დირიჟორი ოთარ თაქთაქიშვილი
კომპოზიტორი და დირიჟორი ოთარ თაქთაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი საზოგადო მოღვაწე, კომპოზიტორი და შემოქმედი ოთარ თაქთაქიშვილი დღეს იუბილარია. იგი თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

კომპოზიტორი, დირიჟორი და რამდენიმე ათეული წლის მანძილზე საქართველოს კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი 1924 წლის 27 ივლისს დაიბადა ქალაქ თბილისში, მდიდარი სამუსიკო ტრადიციების მქონე ოჯახში. კომპოზიტორის ბიძებმა, ცნობილმა მუსიკოსებმა შალვა და გიორგი თაქთაქიშვილებმა დიდად შეუწყეს ხელი მისი ნიჭის განვითარებას. ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა სკოლის მოსწავლეთა გუნდში. გატაცებით უსმენდა ხალხურ სიმღერებს და ზოგი მათგანის შესრულებაში თვითონაც მონაწილეობდა.

თავდაპირველად ოთარ თაქთაქიშვილს დიდი სურვილი ჰქონდა, პიანისტი გამხდარიყო. 1938 წელს ის შევიდა პირველ სამუსიკო სასწავლებელში, მეცადინეობდა შესანიშნავი პიანისტისა და პედაგოგის ელენა ჩერნიავსკაიას კლასში. სწორედ მას მიუძღვის დიდი დამსახურება ახალგაზრდა კომპოზიტორის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში. 

1942 წელს ოთარ თაქთაქიშვილი შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით. მისი სტუდენტობის წლები სამამულო ომის წლებს დაემთხვა. ის გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში და გაამწესეს თბილისის საავიაციო სასწავლებელში. მიუხედავად ამისა, მას არ მიუტოვებია კონსერვატორია. საავიაციო სასწავლებელსა და კონსერვატორიაში პარალელურად სწავლა დიდ სიძნელეებს უქმნიდა, დრო აღარ რჩებოდა ფორტეპიანოზე სამეცადინოდ და ამიტომ მოუხდა უარის თქმა პიანისტობაზე.

თუმცა კონსერვატორიაში სწავლა მაინც დიდი წარმატებით მიმდინარეობდა, რისთვისაც ოთარ თაქთაქიშვილს დანიშნული ჰქონდა პერსონალური სტიპენდია. ამ პერიოდში მას შექმნილი ჰქონდა ორი სიმებიანი და ერთი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო პიესები. სწავლის დასრულების შემდეგ ჯერ საგუნდო კაპელას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი კონსერვატორიის რექტორი გახდა.

© photo: Sputnik / Эдуард Песов / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი და დირიჟორი ოთარ თაქთაქიშვილი
კომპოზიტორი და დირიჟორი ოთარ თაქთაქიშვილი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი და დირიჟორი ოთარ თაქთაქიშვილი

ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 1946 წელი — მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესარჩევ კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც. 22 წლის ახალგაზრდა გახდა საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი.

ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედება ორ პერიოდად იყოფა: 40-50-იანი წლები, როცა იგი მხოლოდ სიმფონიური მუსიკის ჟანრში მუშაობდა და 60-70-იანი წლები, როდესაც საოპერო და ვოკალურ-სიმფონიურ ჟანრებს მიმართავდა.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ოთარი დიდი ენერგიით შეუდგა სიმფონიური მუსიკის წერას და შექმნა ორი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, სიმფონიური პოემა „მწირი“, მცირე ფორმის ნაწარმოებები — საფორტეპიანო პიესები, რომანსები, უვერტიურები და სხვა.

მომდევნო წლებში ქართულმა სიმფონიურმა მუსიკამ დიდი აღმავლობა განიცადა. ახალგაზრდა, ნიჭიერმა კომპოზიტორმაც სწორედ სიმფონიურ ჟანრს მიმართა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. პირველი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო კონცერტი, მეორე სიმფონია — ეს ის ნაწარმოებებია, რითიც დაიწყო თაქთაქიშვილმა საკომპოზიტორო გზა და რომლებმაც იმთავითვე მიუჩინეს მას გარკვეული ადგილი ქართული მუსიკის ისტორიაში.

50-იანი წლების შუა პერიოდში კომპოზიტორი ვოკალურ ჟანრში გადავიდა. მისი ვოკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორატორიები „ცოცხალი კერა", „რუსთაველის ნაკვალევზე", „ნიკოლოზ ბარათაშვილი". სწორედ ამ უკანასკნელის შექმნის შემდეგ კომპოზიტორს დაებადა სურვილი ღრმად შეესწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და მათზე დაყრდნობით დაეწერა ნაწარმოებების დიდი სერია. ასე შეიქმა დიდი ჟანრული კანტატა — ხმის, გუნდისა და ორკესტრისათვის „გურული სიმღერები" და სვანურ თემაზე — მე-2 საფორტეპიანო კონცერტი.

ოთარ თაქთაქიშვილმა ბრწყინვალედ იცოდა ქართული ფოლკლორი, კარგად იცოდა ქართული ხალხური სიმღერის ფასიც. მან სპეციალურად ზურაბ სოტკილავასთვის ანსამბლ „რუსთავთან’’ ერთად შექმნა მეგრული სიმღერების ციკლი, რომელსაც თავად დირიჟორობდა და რამაც ანსამბლს, ზურაბ სოტკილავასა და თავად კომპოზიტორს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა.

© photo: Sputnik / Олег Макаров / გადასვლა მედიაბანკშიჟიურის წარმომადგენელი ოთარ თაქთაქიშვილი ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსზე
ჟიურის წარმომადგენელი ოთარ თაქთაქიშვილი ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსზე - Sputnik საქართველო
ჟიურის წარმომადგენელი ოთარ თაქთაქიშვილი ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსზე

ოთარ თაქთაქიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ოპერის კლასიკური ტრადიციების განვითარებასა და დამკვიდრებაში. მისი მნიშვნელოვანი ოპერებია: „მინდია" (დაიდგა საზღვარგარეთ 10 ქვეყნის სცენაზე. ზაქარია ფალიაშვილის ოპერების შემდეგ „მინდია" პირველი ქართული ოპერა იყო, რომლის მუსიკა ხალხსაც დაამახსოვრდა – მინდიას, მზიას, ჩალხიას არიების „დამღერება” არც ისე რთული აღმოჩნდა), „სამი ნოველა“, „მთვარის მოტაცება“, რომლის პრემიერა მოსკოვის დიდ თეატრში შედგა, ასევე კომიკური ოპერები — „მუსუსი", „პირველი სიყვარული". 

დიდი ავტორიტეტის მქონე კომპოზიტორი 20 წელზე მეტხანს საქართველოს კულტურის მინისტრი იყო. იმ პერიოდთან დაკავშირებულია განსაკუთრებული ძვრები ქართულ კულტურაში. ოთარ თაქთაქიშვილი იყო პირველი მინისტრი, ვინც ქართული ხელოვნების საბჭოთა ქვეყნებში და მის საზღვრებს გარეთ გატანა ყველაზე კარგად მოახერხა.

მისი პირველი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ორატორია „რუსთაველის ნაკვალევზე" აღინიშნა სახელმწიფო პრემიით. 1961 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ოთარ თაქთაქიშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1989 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

მომზადა ხატია გიგოლაშვილმა                                                                                              


ყველა ახალი ამბავი
0