ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 48 წლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 48 წლის გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა, მისი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა. 

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობაში 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა. 

ივანიშვილი ერთი წლის განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობას, ხოლო კვირიკაშვილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სავარძელი ეჭირა. ბოლო დრომდე, ღარიბაშვილის მთავრობაში კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის ივლისიდან დღემდე კვირიკაშვილი ასევე ვიცე-პრემიერიც იყო. 

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, გიორგი კვირიკაშვილი არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლების საქართველოს ხელისუფლებას არასწორ პოლიტიკასა და ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის თემა იყო პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელსაც იგი ლობირებდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას. 

გიორგი კვირიკაშვილი 1967 წლის 20 ივლისს თბილისში დაიბადა ფილოლოგისა და ეკონომისტის ოჯახში. თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა — კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური, ოქროს მედალზე დაამთავრა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 

1992 წელს სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალობის შეცვლა გადაწყვიტა და თსუ-ს ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პარალელურად მან მუშაობა დაიწყო „ გაერთიანებული ქართული ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 

სწავლის დასრულების შემდეგ, კვირიკაშვილმა მუშაობა Trade Invest Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაიწყო. 1998 წელს იგი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის სამმართველოს დირექტორად ინიშნება. იმავე წელს მან აშშ-ს ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში. 

 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, გიორგი კვირიკაშვილი სამუსაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადადის ფისკალური, მონეტარული და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსოს მოადგილედ. 

 1999 წლის ნოემბერში, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დეპუტატი ხდება პროსამთავრობო პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო სიით, მაგრამ ძალიან მალე „ახალ მემარჯვენეებთან“ გადადის.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, კვირიკაშვილი პოლიტიკიდან რვა წლით მიდის. 2004 წელს იგი „პირველი კომერციული ბანკის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა. 

2006 წელს გიორგი კვირიკაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხვდება და Cartu Bank-ში იწყებს მუშაობას. 2011 წლიდან კვირიკაშვილი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2011 წელს ბანკში მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, იგი თავისი სურვილით გადადგა. 

2012 წელს კვირიკაშვილი ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC-ში მუშაობდა ფინანსური სექტორისა და საპენსიო რეფორმის ექსპერტად, მანამ, სანამ ივანიშვილმა იგი მის მიერ ფორმირებულ მთავრობაში არ მიიწვია. 


ყველა ახალი ამბავი
0