ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ნახევარი მოიგო

© photo: FC Dinamo Batumi / FBბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
თბილისის „დინამომ“ დედაქალაქურ დერბიში მოუგო „ლოკომოტივს“ და ასევე დააგროვა 38 ქულა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბათუმის კლუბს ჩამორჩება.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ბათუმის „დინამოელები“ საქართველოს ეროვნული ლიგის ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი ნახევრის გამარჯვებულები გახდნენ.

XVIII ტურში გია გეგუჩაძის აღსაზრდელებმა საკუთარ მოედანზე გიორგი ფანცულაიას დუბლის წყალობით გორის „დილას“ ანგარიშით 2:0 მოუგეს. შავი ზღვის კლუბმა 38 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

თავის მხრივ, თბილისის „დინამომ“ ასეთივე ანგარიშით (2:0) თბილისური დერბი მოუგო „ლოკომოტივს“ და ასევე დააგროვა 38 ქულა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით თბილისელები ბათუმის კლუბს ჩამორჩებიან.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ნახევრის საუკეთესო ბომბარდირი თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი გახდა. ფორვარდის ანგარიშზეა რვა გატანილი გოლი. საგოლე გადაცემებით ლიდერობს ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური.

ჩემპიონატის პირველი ნახევრის შედეგებით, ბოლო ადგილზეა „სამტრედია“. 18 მატჩში კლუბმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა (2 გამარჯვება და 4 ფრე).

ეროვნული ლიგის მესამე წრე 22 ივნისს იწყება. ბათუმის „დინამოელები“ გასვლაზე შეხვდებიან ქუთაისის „ტორპედოს“, ხოლო თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს ჩემპიონატის ახალბედას - წყალტუბოს „სამგურალს“.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ორივე კლუბი ევროთასების კვალიფიკაციაში ასპარეზობას იწყებს. უეფას ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენციების ლიგაში სან-მარინოს კლუბ „ტრე პენეს“ (Tre Penne) დაუპირისპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0