05:57 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

UFC-ში მოასპარეზე ქართველი მებრძოლები კვლავ იმარჯვებენ, ქართველი ძიუდოისტები კი ყაზანის გრანდ სლემიდან მხოლოდ სამი მედლით დაბრუნდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საქართველოს ნაკრებში თამაში კიდევ ერთმა ქართველმა გამოთქვა

ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში მორიგი აღიარება დაიმსახურა. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ ხვიჩას ყაზანური კლუბის გულშემატკივართა ხმების 90% პროცენტი მიიღო. 20 წლის ქართველმა გარემარბმა აპრილის თვეში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მათგანი „რუბინის“ გამარჯვებით დასრულდა, რაც კლუბში ხვიჩას მნიშვნელოვან როლზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, შესაბამისად ბოლო რამდენიმე შეხვედრაა ყაზანური კლუბის გულშემატკივრებს ის საქმეში არ უნახავთ. ქართველი ფეხბურთელის ტრავმა თავდაპირველად მძიმედ შეფასდა, თუმცა ხვიჩას ფიზიკური მონაცემები იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა კვარამ მიმდინარე სეზონში კიდევ ითამაშოს. ყაზანურ კლუბს შემდეგი შეხვედრა ვოლგოგრადის „როტორთან“ აქვს დარჩენილი და დიდია შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელის გვარი წინასამატჩო განაცხადში ამოვიკითხოთ.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა. ეს რუსეთის პირველი ლიგის „ნეფთეხიმიკის“ ფეხბურთელი მერაბ ურიდიაა. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა. ურიდიამ, რომელსაც ამჟამად რუსეთის მოქალაქეობა აქვს „ველესთან“ მატჩში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ურიდიამ დუბლი შეასრულა და „ნეფთეხიმიკს“ კვლავ გმირად მოევლინა.

მატჩის შემდეგ მერაბმა რუსულ მედიასთან საუბრისას საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი. ურიდიამ აღნიშნა, რომ „ჯვაროსნების“ რიგებში თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა.

„კარგი გაგებით, მშურს ბიჭების, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ და ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაშობენ. მინდა, ეროვნული ნაკრების გამოცდილება მივიღო. მჯერა, რომ შემიძლია საქართველოს ნაკრებში მოხვედრა", - განაცხადა ფეხბურთელმა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ უდიდესი მნიშვნელობის მატჩი ჩაატარა. ზღვისპირელებმა ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ გამართეს და გამარჯვებაც იზეიმეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. სატურნირო ცხრილში „დინამოებს“ თანაბარი, 25-25 ქულა აქვთ, თუმცა ბათუმელები დამატებითი სტატისტიკური მაჩვენებლით დედაქალაქელებს უსწრებენ. აღნიშნულ მატჩში ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს პირატებმა, რომლებმაც ბათუმის ახალ არენაზე შოუ მოაწყვეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა ყაზანში არასრული შემადგენლობით იჭიდავეს

ყაზანში გამართული გრანდ სლემი საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს დიდხნიანი პაუზის შემდეგ საოცარი შეხვედრები ჩაატარა მსუბუქ წონაში (60კგ) მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანმა.

ჩხვიმიანმა ფინალამდე კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს მოუგო. რაც შეეხება ფინალს, ლუხუმს იქ რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დახვდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ჩხვიმიანმა მეტოქის შებოჭვა მოახერხა და ყაზანში ქართული ჰიმნიც გააჟღერა.

ჩხვიმიანის გარდა რუსეთიდან მედლის წამოღება კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო. ტატალაშვილმა (73კგ) პირველ ტურში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს ვაზარი აართვა, რის შემდეგაც მეტოქეს კიდევ სამი გაფრთხილება მიაღებინა და წმინდა გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ნუგზარმა ასევე წმინდად აჯობა აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსაც, მეოთხედფინალში კი რუმინელი ალექსანდრუ რაიკუს დამატებით დროში კვლავ შიდოების ხარჯზე აჯობა. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში რუს აიუბ ხაჟალიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნუგზარმა ბელარუს ვაძიმ შოკას დამატებით დროში იპონით აჯობა და საქართველოს მეორე მედალი მოუტანა.

მესამე ქართული მედალი 23 წლის ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა. ლუკამ საწყის რაუნდში სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს თავდაპირველად ვაზარი აუღო, რასაც მტკივნეული ილეთი მოაყოლა და გამარჯვებაც აღნიშნა. ქართველ ძიუდოისტს რთული შეხვედრა ჰქონდა მეორე ტურში, სადაც მისი მეტოქე 2010 წლის ევროპის ჩემპიონი, ასევე თბილისისა და ანტალიის გრან სლემების გამარჯვებული მარკუს ნიმანი იყო. ამ შემთხვევაში დამატებით დრომდე მივიდა, აქ კი უკვე მაისურაძემ 30 წლის შვედი მეტოქე ვაზარზე დააგდო. მერვედფინალური და მეოთხედფინალური ეტაპები ლუკამ შედარებით მარტივად გაიარა, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე მან იაპონელ სანშირო მურაოს ვერაფერი მოუხერხა და დამატებით დროში სუფთად დამარცხდა. საბოლოოდ მაისურაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ფრანგ აქსელ კლერგეს შეხვდა, რომელიც მარტივად შებოჭა და მეტოქეც მალევე დანებდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რუსეთიდან სამი მედალი წამოიღო.

ჭიკაძეს და დვალიშვილის UFC-ში ვერ აჩერებენ, ქართველმა მებრძოლებმა მორიგი ორთაბრძოლები მოიგეს

„თხუთმეტეულის მებრძოლებს მივმართავ, თუ არ იცოდით ჩემი სახელი, ახლა უკვე იცით“, - ასე მიმართა მეექვსე გამარჯვების შემდეგ გიგა ჭიკაძემ UFC-ის თანამებრძოლებს.

32 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში ამერიკელ ქაბ სვანსონს პირველივე წუთზე ღვიძლის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა. გიგამ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე საკონტროლო დარტყმა მიაყოლა, შედეგად ოქტაგონის მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ქართველმა ნოკაუტით UFC-ში ზედიზედ მეორედ გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ გიგა მსგავსი დარტყმით პირველად არ იგებს. მეტიც, წარსულში ამ დარტყმას „გიგა-ქიქ“ უწოდეს.

ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ ქართველ ხალხს აღდგომის დღესასწაული პირდაპირ ოქტაგონიდან მიულოცა. ამასთან, გიგამ დრო იხელთა და UFC-ის უძლიერესი მებრძოლი მაქს ჰოლოვეიც გამოიწვია.

„ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, რომ მე და მერაბმა სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მივეცით მათ. აქ ერთი დიდი ბიჭია. მაქს ჰოლოუეი, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და შენთან ჩხუბი მინდა“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

პარალელურად კარგი შეხვედრა ჩაატარა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც UFC-ში მერვედ იასპარეზა. მერაბი ამჯერად 32 წლის ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა. ოქტაგონზე მებრძოლებმა სამი რაუნდი გაატარეს და გამარჯვებულის დასახელება მსაჯებს მოუწიათ. საბოლოოდ მსაჯებმა დვალიშვილს გარჯა დაუფასეს და რიგით მეექვსე გამარჯვებაც მიანიჭეს.

ამგვარად, ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი ჰყავს დამარცხებული.

ხელჩართული ბრძოლა საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრაში. კლუბი კონფლიქტის მონაწილეებს უმკაცრესად დასჯის.

„ცხუმ-აფხაზეთმა“ სუპერლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ოლიმპს 97-74 მოუგო და სერიაში დაწინაურდა. მართალია აღნიშნული დაპირისპირება სანახაობრივი და მაღალშედეგიანი გამოდგა, თუმცა ყველაფერი მატჩის მიწურულს მომხდარმა კონფლიქტმა გადაფარა.

მოედნიდან გასულმა „ოლიმპის“ კალათბურთელმა დევანტე ფოსტერმა თანაგუნდელ დავით აბულაძეს ხელი არ ჩამოართვა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია და საბოლოოდ ყველაფერი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. კონფლიქტში მაშინვე ჩაერივნენ „ოლიმპის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები და სიტუაცია მალევე განიმუხტა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კლუბის ხელმძღვანელობამ, სადაც აღნიშნულია, რომ სპორტსმენები უმკაცრესად დაისჯებიან.

„ჩვენ, როგორც ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომხდარ ფაქტზე და ვაცხადებთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი თემები