ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

© AP Photo / Trevor Collensნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
ბასილაშვილისთვის მიუნხენში მოპოვებული გამარჯვება არის მეხუთე მისი კარიერის განმავლობაში და მეორე ATP ტურნირებში მიმდინარე სეზონში.

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250-ს სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კორტების მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა გერმანელს ორ სეტში მოუგო - 6:4, 7:6 (5). მატჩი ერთ საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილისთვის მიუნხენში მოპოვებული გამარჯვება არის მეხუთე მისი კარიერის განმავლობაში და მეორე ATP ტურნირებში მიმდინარე სეზონში.

შეხვედრა გამოდგა თანასწორი და დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა ერთმა გეიმმა - პირველმა. სწორედ მაშინ აიღო ბასილაშვილმა შტრუფის ჩაწოდება და ეს მატჩში ერთერთი ბრეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი თავის მეტოქესთან შედარებით მეორე ჩაწოდების გათამაშების დროს გაცილებით უკეთ მოქმედებდა. ბასილაშვილმა ბურთების 75% მოიგო, შტრუფმა - 55%.

ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს მერვედ შეხვდნენ. ამჟამად პირადი დაპირისპირების ანგარიში გათანაბრდა და 4:4 გახდა. ბოლოჯერ მეტოქეების შეხვედრა კალიარიში მიმდინარე წლის აპრილში გამართულ ტურნირზე მოხდა. მაშინ ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო - 7:5, 4:6, 6:3.

BMW Open-ის გამარჯვებამ  ბასილაშვილს მოუტანა 250 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 22 ათასი ევრო. დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც ორშაბთს, 3 მაისს გამოქვეყნდება, ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა 30-ეულს დაუბრუნდება.

მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში  (2018, 2019), პეკინში (2018) და დოჰაში (2021).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0