08:44 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

საქართველო-საფრანგეთის შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც პანდემიის გამო შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ფუტსალში საქართველოსა და საფრანგეთს შორის 9 აპრილს გასამართ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მაყურებელი ტრიბუნის 30%-ს შეავსებს. მატჩზე შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. ერთი ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. პანდემიის გამო ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, ხოლო ერთი მომხმარებელი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენას შეძლებს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შესასვლელები 16:00 საათიდან გაიღება, შესვლამდე მოხდება გულშემატკივრების თერმოსკრინინგი, დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, ტრიბუნაზე დაბლოკილი ადგილები აღნიშნულია სტიკერით. ასევე აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დაჯდომაა დაშვებული.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. მისი განცხადებით, მაყურებლის მხარდაჭერა პრინციპულ მატჩში უმნიშვნელოვანესია.

„ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ესპანეთთან ვნახეთ, რამხელა მუხტი იყო, ჩვენს ნაკრებს გულშემატკივარი რომ ქომაგობდა. დარწმუნებული ვარ, დარბაზის ტევადობის 30%-ის დაშვებაც შექმნის იმ მუხტს, რომელიც ჩვენს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება“, - განაცხადა მუჯირმა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 18:00 საათზე საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შემდეგ შეხვედრას კი 12 აპრილს რუსეთთან სტუმრად გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა მომავალი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა, შემადგენლობაში ტრავმების გამო არ არიან ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

„ევრო 2022“-ის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდების ორ ქალაქში - ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობა ჯერ არასდროს არ მიუღია.

 

მთავარი თემები