00:38 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
51810

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გულშემატკივრებმა გასულ წელს მიხეილ ბაშელეიშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის უკვე წლებია გუნდში საკუთარ ტყუპისცალთან ნიკოლოზთან ერთად თამაშობს.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“, რომელიც ეროვნულ ლიგა 1-ში მეორე წელია საკმაოდ კარგად ასპარეზობს 2016 წლის 19 ივლისს დაარსდა. გუნდი ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დააფუძნეს. დაარსების დღიდან კახური კლუბი წლიდან წლამდე პროგრესირებდა, მათ რეგიონალური ლიგიდან დაიწყეს აღმასვლა. ახლა უკვე მეორე წელია „თელავი“ ცხრილის სათავეში მოსახვედრად იბრძვის და კონკურენტი გუნდებისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედაც კი იქცა.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“
საფეხბურთო კლუბი „თელავი“

თელავურ გუნდს უამრავი საინტერესო ფეხბურთელი ჰყოლია. ბევრმა მათგანმა ამ გუნდიდან უცხოური კლუბებისკენაც გაიკვალა გზა. მიუხედავად ბევრი სირთულისა და იმედგაცრუებისა, „თელავში“ ისეთი ფეხბურთელებიც ირიცხებიან, რომლებიც ერთგულად დგანან კახური გუნდის სადარაჯოზე. ერთ-ერთი მათგანია გულშემატკივრისთვის გამორჩეული ფეხბურთელი მიხეილ ბაშელეიშვილი. ის თელავში თითქმის დაარსების წლიდან ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მიშოსთან ერთად კახურ კლუბში მისი ტყუპისცალი ნიკოლოზიც თამაშობს.

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ნახევარმცველმა მიხეილ ბაშელეიშვილმა Sputnik-საქართველოსთან თელავურ კარიერაზე, ტყუპისცალთან ერთად თამაშის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიშო ბაშელეიშვილი
მიშო ბაშელეიშვილი

- თელავის გუნდში კოვიდი გავრცელდა, რომელიც შენც შეგეხო. ახლა როგორ გრძნობ თავს და რა მდგომარეობაა გუნდში?

- კვირაზე მეტია მოთამაშეების დიდი ნაწილი გუნდს ვერ ვეხმარებით. კლუბში ვირუსი დროის ერთ ინტერვალში გავრცელდა და დაახლოებით 15-16 კაცი დაინფიცირდა. ჩემს შემთხვევაში ბოლო ტესტმა კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა, ამ ეტაპზე თბილისში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში ვიმყოფები, სადაც ექიმების ზედამხედელობის ქვეშ ვარ. ვიმედოვნებ, რომ სათამაშოდ უახლოეს დღეებში უკვე მზად ვიქნები და შევძლებ გუნდის დახმარებას. სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ზოგიერთი მათგანი კვლავ მკურნალობს, ზოგიც გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

- როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ მოხვდი თელავში?

- ფეხბურთის თამაში მე და ჩემმა ძმამ 10 წლის ასაკში დავიწყეთ. რამდენიმე წელი „ვიტ ჯორჯიაში“ ვვარჯიშობდით და შემდეგ იყო „დინამოს აკადემია“, სადაც ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდით. შემდეგ იყო რთული პერიოდიც, რადგან პატარა ასაკში ტრავმა მივიღე და წელზე მეტი გამიცდა. „თელავს“ მაშინ შევუერთდი, როცა რეგიონალური ლიგიდან მესამე ლიგაში აღზევდნენ, კლუბი პირველ ნაბიჯებს დგავდა მისი არსებობის ისტორიაში, ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატა და მეც ამ ახალი, წარმატებული პროექტის ნაწილი გავხდი.

მიშო ბაშელეიშვილი
მიშო ბაშელეიშვილი

- უკვე რამდენიმე წელია კლუბის ბაზაზე ცხოვრობ, რამდენად რთულია სახლიდან ასე შორს ყოფნა?

დიახ, თელავში მისვლის დღიდან ბაზაზე ვცხოვრობ. საწყის წლებში ძალიან გამიჭირდა, რადგან პატარა ასაკში პირველად აღმოვჩდნი სახლიდან ასე შორს, მიუხედავად ამისა ნელ-ნელა გავიარე ადაპტაცია და მივეჩვიე აქაურ გარემოს. შემდგომში ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ უფრო პროფესიონალურად და სერიოზულად შემეხედა საქმისთვის, ასევე მასწავლა როგორ მეცხოვრა დამოუკიდებლად. არის გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ბაზაზე არ ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში ერთად ვართ.

- როგორია ტყუპისცალთან ერთად მოედანზე ყოფნა?

- მართალია ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა ნიკუშასთან ერთად თამაში განსხვავებულია. ერთმანეთის განსაკუთრებულად გვესმის და შეიძლება ითქვას მოედანზე ერთმანეთის გვერდით ყოფნა საქმეს უფრო გვიმარტივებს.

ტყუპები ნიკა და მიშო ბაშელეიშვილები
ტყუპები ნიკა და მიშო ბაშელეიშვილები

- გასულ სეზონში თელავის გულშემატკივარმა გამოგარჩია, რამდენად გრძნობ მათ მხარდაჭერას?

თელავის გულშემატკივარი მარტო ჩემთვის არა, არამედ მთლიანად გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. მთელი გულით და სულით არიან ჩართულები ყველაფერში და მათ მხარდაჭერას თითოეულ ნაბიჯზე ვგრძნობთ. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს და პირობებს, ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. თელავის ქომაგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით გუნდის წარმატებაში. ახლა მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება ის თითოეული წარმატება და მოგება, რომელიც წარსულში გვქონია. აპრილიდან უკვე გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდებიან, რაც ძალიან მახარებს.

- სანიოლი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდება, რაც სანაკრებო მატჩებშიც გამოჩნდა.

- ვაისის დროს იშვიათად ენდობოდნენ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს. ნამდვილად უცხოა ის ნდობა ეროვნული ლიგის მოთამაშეების მიმართ, რომელიც ნაკრების ახალმა მწვრთნელმა გამოიჩინა. ჩვენთვის, თითოეული ფეხბურთელისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია და ერთიორად ზრდის მოტივაციას. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე მოირგეს ნაკრების მაისური, მინდა წარმატებები და უამრავი გამარჯვება ვუსურვო.

- რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი?

- პლეი-ოფის შეხვედრა „რუსთავთან“, ეს იყო პირველი რეალური შანსი გადმოვსულიყავით ეროვნულ ლიგაში. პირველ შეხვედრაში, რომელიც თელავში გაიმართა ცოტა უცნაური, არასაგოლე მომენტიდან მოვახერხე გოლის გატანა, რაც საოცრად ემოციური იყო და არასდროს დამავიწყდება. იმ თამაშში ჩემი გოლის წყალობით მოვახერხეთ გამარჯვება, რუსთავში კი უმძიმეს ბრძოლაში მოვიპოვეთ ეროვნული ლიგის (უმაღლესი ლიგა) საგზური. ყველაზე კარგად ალბათ ეს ორი შეხვედრა დამამახსოვრდა.

- სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები თუ გაქვს და რას გეგმავ მომავალში?

- ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან დღეს „თელავთან“ ერთად ვარ და ამ გუნდთან ერთად მსურს მივაღწიო წარმატებას ეროვნულ ლიგაში. მინდა ჯერ აქ გავაკეთო რაღაც ისეთი, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჩემი კარიერული წინსვლა. თითოეული თამაშის მოგებაზე ვფიქრობ და მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული.

 

მთავარი თემები