23:19 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამე გამარჯვებით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასის მესამე ტურის ფარგლებში კალინინგრადში რუსეთის გუნდს ანგარიშით 23:6 მოუგო.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 25-ე დაპირისპირება იყო. „ბორჯღალოსნებმა" 23-ე მატჩი (ზედიზედ მე-20) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. რუსეთმა საქართველოს ნაკრების დამარცხება შეძლო ერთადერთ შეხვედრაში, რომელიც 1993 წელს გაიმართა.

ქართველებმა შეხვედრა აქტიურობით დაიწყეს და საწყის წუთებში საჯარიმო დარტყმით წინ გავიდნენ. მალევე თედო აბჟანდაძემ მეორე საჯარიმო გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მატჩის 32-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა აკა ტაბუცაძის წყალობით პირველი ლელოს დადება მოახერხა და სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.

ლელოდან ორ წუთში რუსებმა გატანილი ჯარიმის ხარჯზე სხვაობა სამი ქულით გაქვითეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი თედო აბჟანდაძემ შესანიშნავი რეიდი განახორციელა და საქართველოს მორიგი ხუთი ქულა მოუტანა. შედეგად ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი ანგარიშით 16:3 გაიმარჯვა.

რუსებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ჯარიმით კიდევ სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრის 61-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა მესამე ლელო დადო, აბჟანდაძემაც გარდასახვა გაიტანა და „ბორჯღალოსნები“ 17 ქულით წინ გაიყვანა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ნაკრები ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია. მეორე ადგილზეა რუმინეთი (5 ქულა), რუსეთის მესამე პოზიციაზეა (4 ქულია).

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასზე მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ცნობილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ - ქვეყანაში მოქმედი COVID-19-ის რეგულაციების შესაბამისად ხელმისაწვდომი მატჩის ბილეთების 30% იქნება.

მთავარი თემები