თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედო“
ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედო“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
თბილისის „დინამო“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს დედაქალაქური კლუბი 9 მარტს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქელებმა ქუთაისის „ტორპედოს“ გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 2:0 მოუგეს.

თბილისელებმა საწყის წუთებშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. შეხვედრის მე-15 წუთზე ქუთაისელთა მეკარე დინო ხაზმიჩი დაჯარიმდა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. აღნიშნული მომენტის შემდეგ კაცნაკლულ „ტორპედოს“ წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა და შედეგად პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიიღო. 48-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმის შუაში 70-ე წუთზე ლუკა გაგნიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს დაუხვდა ტოგოელი ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისელები წყალტუბოს „სამგურალს“ დაუზავდნენ (1:1), ამასთან წითელი ბარათის გამო დინამოელთა თავკაცი გიორგი ნემსაძეც დაკარგეს. შედეგად, ქუთაისში გუნდი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ გაიყვანა.

თბილისის „დინამომ“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 4 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, ის რიგით მეორე მარცხის შემდეგ რეიტინგში ბოლო ადგილზე იმყოფება.

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0