11:00 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1017)
53 0 0

ახალგაზრდა ნახევარმცველი უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში წლების განმავლობაში ასპარეზობდა, 2019 წელს კი უკრაინის სახელით მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პოლტავის „ვორსკლას“ ქართული წარმომავლობის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა ავრცელებს ჟურნალისტ იგორ ციგანიკზე დაყრდნობით.

გიორგი წიტაიშვილი ამჟამად კიევის „დინამოს“ საკუთრებაშია და „ვორსკლას“ შემადგენლობაში იჯარის წესით ასპარეზობს. მას ამ დრომდე უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ადგილობრივ ეროვნულ გუნდშიც არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. საუბარია უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებზე, რომლის შემადგენლობაში 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, რომ უკრაინელი ფეხბურთის ქომაგისთვის არცთუ კარგი ამბავი აქვს, რადგან წიტაიშვილმა მოქალაქეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტი გიორგის გადაწყვეტილებას მისი ბაბუის გარდაცვალების გამო საქართველოში ჩამოსვლასაც კი უკავშირებს.

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ასეთია თავად ფეხბურთელის პოზიცია. რამდენიმე თვის წინ გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. გასვენებაში კი მას ნათესავებმა ბაბუის სურვილი გააცნეს. როგორც ჩანს, ბაბუას სურდა, რომ გიორგის საქართველოში ეთამაშა“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ საკითხზე მცირე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, თუმცა მან კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

„ჯერჯერობით არ შემიძლია და არც უფლება მაქვს ამ თემაზე ვისაუბრო. როდესაც მეტი კონკრეტიკა გვექნება, ყველაფერი ცხადი გახდება“, – განაცხადა წიტაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია უცხოურ და ქართულ მედიაში აქტიურად იწერება. თავად ფეხბურთელს წარსულში მრავალჯერ აქვს ნათქვამი, რომ მოქალაქეობის შეცვლას არ აპირებს და უკრაინის ნაკრებში თამაშით კმაყოფილია.

გიორგის მიმდინარე სეზონში „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ვორსკლას“ რიგებში ორ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა უკვე მოახერხა.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ინფორმაცია ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძეზეც გავრცელდა. მიქაუტაძეს ამ ეტაპზე ფრანგული პასპორტი აქვს, თუმცა შესაძლოა ისიც, წიტაიშვილის მსგავსად, საქართველოს ნაკრების მაისურით ვიხილოთ. ქართული წარმომავლობის ფეხბურთელი ბელგიის მეორე ლიგაში ასპარეზობს და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში 16 გატანილი გოლია. მიქაუტაძე საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ დროისთვის წიტაიშვილთან და მიქაუტაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.

თემები:
სპორტის ამბები (1017)

მთავარი თემები