„გიორგი შერმადინი – 2020 წლის მეფე“ – ქართველი კალათბურთელი ესპანეთში საუკეთესოა

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შერმადინი ჩემპიონატში საუკეთესო კალათბურთელად მეორედ დაასახელეს. ქართველმა ცენტრმა ეს ტიტული პირველად 2017 წელს მოიპოვა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ესპანეთის ჩემპიონატის 2020 წლის საუკეთესო კალათბურთელად „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დასახელდა. გასული წლის შედეგები ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეაჯამა.

კალათბურთელები სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით შეაფასეს, რაც მოპოვებული ქულების, მოხსნების, სეზონში ჩატარებული წუთებისა და სხვა სათამაშო კომპონენტებისგან შედგება.

ესპანური ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გიორგი შერმადინს 2020 წლის მეფე (Shermadini, el Rey de 2020) უწოდეს. ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე უძლიერეს კალათბურთელებს ვალტერ ტავარესს, მარსელინიო უერტასსა და ნიკოლა მიროტიჩს აჯობა.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელია ესპანეთის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებს

გიორგი შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 592 იყო. მას მცირედით ჩამორჩა ვალტერ ტავარესი (579), მიროტიჩის ჯამური კოეფიციენტი კი 547-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ესპანეთის ლიგაში 2017 წელსაც საუკეთესოდ დასახელდა, 2018 წელს კი პირველობა კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ერგო. შენგელია იმ პერიოდში ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა, ახლა კი მოსკოვის „ცსკა“-ში ირჯება.

გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი.

გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება, რაც ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. „ტენერიფეს“ 17-დან 14 მატჩი აქვს მოგებული და „ბარსელონასთან“ II-III ადგილებს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთში ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის კანდიდატთა სიაში მოხვდა, ვებ-გვერდზე მასთან დაკავშირებული კენჭისყრა 11 იანვარს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0