16:33 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (987)
42 0 0

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის ლიცენზიებს მიიღებენ.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო არენაზე 145 მედალი მოიპოვეს, მათ შორის – 43 ოქრო, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტის სფეროს შედეგების შეჯამებისას.

FIBA-ს გადაწყვეტილებით თებერვლის „ბაბლს“ საქართველო უმასპინძლებს>>

მინისტრის თქმით, სპორტის ბიუჯეტი 2012 წლიდან მუდმივად იზრდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებების წინაპირობა გახდა. 2019 წელს ქართველებმა მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს – 1258, აქედან ოქროს 473 მედალი.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, კერძოდ: ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სპორტის განვითარება მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ წარმატებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ევროპის სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტის საერთაშორისო დღე – „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მსოფლიო რბენა.

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება>>

მისი თქმით, მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარებაზე.

ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა. თბილისსა და რეგიონებში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალი სპორტული დარბაზი და არენა და ეს პროცესი გრძელდება. იანვარში თბილისის პარაცენტრის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

პრეზენტაციის დასასრულ ჩხენკელმა გამოყო ტოკიოს ოლიმპიადა, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან. მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „ოლიმპიელებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა“.

ამჟამად მიმდინარეობს ტურნირები ლიცენზიების მოსაპოვებლად, სადაც თამაშდება საგზურები ოლიმპიურ თამაშებზე. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები მიიღებენ ლიცენზიებს ტრადიციულ სპორტის სახეობებში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ტყვიის სროლა და ტანვარჯიში.

თემები:
სპორტის ამბები (987)

მთავარი თემები