თორნიკე შენგელია: ჩვენი ქვეყნისთვის პატარა გამარჯვებაც მნიშვნელოვანია

გამოწერა
ევრობასკეტი-2022-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივეში გაიმარჯვა.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიასთან ქართული გუნდის გამარჯვების (91:84) შესახებ ისაუბრა.

„რთული თამაში იყო. შვეიცარიამ საქართველოშიც დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მაშინ გამარჯვება მხოლოდ ოვერტაიმში მოვახერხეთ... მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა, ასევე ახალგაზრდა ბიჭებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს და მოედანზე ნამდვილი პროფესიონალებივით გამოიყურებოდნენ... ჩვენი ქვეყნისთვის თითოეულ პოზიტიურ ნაპერწკალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ასევე ვთამაშობთ და მგონი, ამას ყველა ხედავს“, – განაცხადა შენგელიამ მატჩისშემდგომ კონფერენციაზე.

მადლიერება გამოთქვა გუნდის მიმართ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე თამაში განაღდებული გვაქვს, შვეიცარიასთან ვეცადეთ მაქსიმუმი გვეჩვენებინა. თამაშში გული ყველამ ჩადო... მინდა მადლობა ვუთხრა თორნიკე შენგელიას, რომელიც „რეალთან“ რთული მატჩის შემდეგ ჩამოვიდა და ბოლომდე დაიხარჯა. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ უყვარს საქართველო. იგივეს თქმა შეგვიძლია გიორგი შერმადინისა და ნებისმიერი ქართველი კალათბურთელის მიმართაც... ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენი ხასიათი უნდა გამოვლენილიყო. გამოვლინდა დადებითი კუთხით“, – აღნიშნა ზუროსმა.

ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში საქართველომ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივეში გამარჯვება მოიპოვა. ზუროსის გუნდმა მოუგო შვეიცარიას (ორჯერ), სერბეთსა და ფინეთს.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით მატჩს საქართველო თებერვალში გამართავს. შესაძლებელია, რომ თამაშები თბილისში ჩატარდეს. 19 თებერვალს ეროვნული გუნდი სერბეთს შეხვდება, ხოლო ორი დღის შემდეგ – ფინეთს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

საქართველოს გარდა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ასევე უმასპინძლებენ იტალია, გერმანია, ჩეხეთი. ტურნირი 1–18 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0