თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის ფინალური ეტაპის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ქართველების მარცხით დასრულდა - 0:1.
შეხვედრა თბილისში „დინამო-არენაზე“ ცარიელი ტრიბუნებით გაიმართა.
პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები შესვენებაზე ისე გავიდნენ, რომ ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები გუნდებმა კვლავ ტერიტორიების ათვისებას დაუთმეს. მოედნის ცენტრში ხშირი იყო უხეშობა და შეჯახებები. 56-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერმა, გორან პანდევმა ქართველი მცველების შეცდომა იდეალურად გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
გატანილი გოლის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდმა უხეშობას უმატა, რის შედეგადაც შეხვედრაში პირველი გაფრთხილება 62-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელმა, ბობან ნიკოლოვმა ყაზაიშვილის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის მიიღო.
პირველი ცვლილება მეტოქეთა შემადგენლობაში განხორციელდა. არიან ადემის ნაცვლად, მოედანზე სტეფან სპიროვსკი შემოვიდა.
საქართველოს ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას აქტიურად შეუტია. თუმცა მომენტების რეალიზება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. მეორე ტაიმი ყვითელი ბარათებით უფრო მეტად დაიტვირთა. ინგლისელმა არბიტრმა 75-ე და 78-ე წუთზე გურამ კაშია და თორნიკე ოქრიაშვილი გააფრთხილა. ასევე ყვითელი ბარათი დაიმსახურა მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში ნესტოროვსკიმაც.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისმა ცვლილებები დააგვიანა. ჩვენი ნაკრების თავკაცს 80-ე წუთამდე არავინ გაუყვანია. 80-ე წუთზე ვაისმა ვაკო გვილიასა და ნიკა კაჭარავას ნაცვლად მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი და ელგუჯა ლობჯანიძე შემოიყვანა.
შეხვედრის 84-ე წუთზე ცვლილება განხორციელდა ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობაშიც, ბობან ნიკოლოვის ნაცვლად მოედანზე კოსტადინოვი შემოვიდა. ანგელოვსკიმ ასევე 89-ე წუთზე შეცვალა ნესტოროვსკი და რისტოვსკი, მათ მაგივრად სათამაშოდ ტრიცკოვსკი და ზაიკოვი შემოვიდნენ.
ვლადიმერ ვაისმა შეხვედრის მიწურულს შეტევის გაძლიერება სცადა. გურამ კაშიასა და ლაშა დვალის ნაცვლად თამაშში ჯაბა ჯიღაური და ზურაბ დავითაშვილი ჩაერთნენ. ასევე მატჩის ბოლოსკენ შეიცვალა ვაკო ყაზაიშვილი, რომლის ნაცვლადაც დავით ხოჭოლავა შემოვიდა სათამაშოდ.
მსაჯმა შეხვედრას ოთხი წუთი დაამატა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ვერც კომპენსირებულ დროში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
საბოლოოდ ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიის გამარჯვებით დასრულდა. გორან პანდევის გოლს ქართველებმა ვერაფრით უპასუხეს.
შესაბამისად, ამ მოგების წყალობით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა მომდევნო წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ერეკლე ხიტალიშვილი