08:10 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

დიდი ფინალის წინ სოციალურ ქსელში გამამხნევებელი მიმართვები ვრცელდება. კამპანიას ყოფილ სპორტსმენებთან ერთად რიგითი გულშემატკივრებიც უერთდებიან.

ერეკლე ხიტალიშვილი

დიდი ფინალის წინ გულშემატკივრები ეკრანებთან ირაზმებიან. კარგად გვახსოვს რა ხდებოდა საქართველო-ბელარუსის მატჩის მიმდინარეობისას ბორის ბაიჭაძის სახელობის სტადიონის მიმდებარედ. პანდემიის მიუხედავად ქუჩებში შეკრებილი გულშემატკივარი ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე გუნდს ყიჟინითა და გამამხნევებელი შეძახილებით სტადიონთან შეხვდა, რაც შემდეგ 90 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა.

დღეს კი ნაკრებს ბოლო გამოცდა ელის, რომელსაც, სამწუხაროდ, მაყურებელი „მონიტორინგს“ ვერ გაუწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბიჭები გამოცდას ფრიადზე ჩააბარებენ და ლაღ, თავისუფალ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.

არჩევნებითა და ქუჩის აქციებით გამოწვეული პოლიტიკური პოსტები, რითიც გაჯერებული იყო სოციალური ქსელი, საფეხბურთო მუხტმა ჩაანაცვლა. ფინალის წინ უამრავი იდეა გაჩნდა, თუ როგორ უნდა გაამხნევოს გულშემატკივარმა ეროვნული ნაკრები. კამპანიას ყოფილ სპორტსმენებთან და სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად რიგითი მაყურებელიც შეუერთდა.

#გააგონეხმა საქართველოს ნაკრებს, კამპანია Setanta Sports Georgia-მ წამოიწყო.

სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა ნოდარ სიმსივემ Facebook-ის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მიმართვის გავრცელება არ დააყოვნა სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დიმიტრი ობოლაძემაც.

ეროვნულ გუნდს სოციალური ქსელის მეშვეობით ამხნევებს „დიდი დინამოს“ წევრი და თერთმეტმეტრიანების ოსტატი რევაზ ჩელებაძეც. „12 ნოემბერი ბედნიერი დღეა ქართული ფეხბურთისთვის, დღეს კი იქნება უბედნიერესი დღე სრულიად საქართველოსთვის! წინ გამარჯვებისკენ, ქართველო ლომებო!!!“ – წერს ჩელებაძე.

მოვლენა, რომელსაც მთელი ერი სულმოუთქმელად ელოდება, არც პოლიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა. ჩვენს ნაკრებს წარმატებები უსურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. პანდემიის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოგვეთიშა. ჩვენს ფეხბურთელებს წარმატებები მინდა ვუსურვო და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ფინალის წინ ნაკრების მხარდასაჭერად სამშობლოში კვიპროსული „ანორთოსისის“ ქართველ ლეგიონერებს – თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილსა და გიორგი ლორიას გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც გამოჰყვა. თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში წვრთნიდა.

გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა თურქული „კონიასპორის“ თავდამსხმელს ლევან შენგელიასაც. 

„ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია. ორი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ ვფიქრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც შეიძლება გაძლიერონ შეტევის ხაზი”, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა. 

როგორც ვაისმა აღნიშნა, ის კვარაცხელიასა და შენგელიას შემცვლელებად დებიუტანტ ბექა მიქელთაძესაც განიხილავს.

ეროვნული ნაკრების თავკაცმა მომავალ მატჩზე, მის მნიშვნელობასა და მოლოდინებზეც ისაუბრა.

„ყველაფრისთვის მზად ვართ! ემოციური ფონი იქნება, რადგან ეს არის ემოციური თამაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთით მეტი გოლი წარმატებისთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი თამაშის შემდეგ საქართველოში დიდი სიხარული იქნება და ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა ვაისმა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ეროვნულ გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივარს გამარჯვებას ჰპირდებიან.

მეორე მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელები ჯერ არმოგებულ თამაშს აღნიშნავენ. ქვეყანაში თბილისურ მატჩს მოუთმენლად ელიან და თამაშის დღეს ქუჩებში მსვლელობების მოწყობასაც აანონსებენ. გულშემატკივარს გამარჯვების შემთხვევაში სიურპრიზს დაპირდა ნაკრების 37 წლის შემტევი გორან პანდევი, თუმცა კონკრეტულად რას ამზადებს, ფეხბურთელი ამაზე არ საუბრობს.

„ჩვენი ქომაგებისთვის სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, თუმცა რაზეა საუბარი, ახლა ვერ გეტყვით. მოდით, ჯერ ჩვენი სამუშაო შევასრულოთ და მერე ყველაფერი იქნება”, – აცხადებს პანდევი.

საქართველოში 22:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით მაკედონიურ მედიაში აღტაცებას ვერ მალავენ.

„მატჩი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე იწყება, 22:00 საათზე კი ძალაში შედის კანონი, რომლიც თანახმადაც დილის 5 საათამდე ქუჩაში გამოსვლა იზღუდება. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას რომც მიაღწიოს, ზეიმის საშუალება ვერავის ექნება“, – წერს Sportmedia.mk.

საკადრო პრობლემებისა და პანდემიით გამოწვეული უმაყურებლობის ფონზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება. ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებს აქვს რეალური შანსი – მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის. ფინალში ასევე ჩართული იქნება VAR სისტემა.

 

მთავარი თემები