ვლადიმირ ვაისი: მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ვაკო გვილია, რომელმაც ესტონეთთან მატჩი გამოტოვა, უკვე ფორმაშია და ხვალინდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გამართა პრესკონფერენცია უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, რომელიც თბილისში 8 სექტემბერს გაიმართება. მისი თქმით, მისი აღსაზრდელები თამაშისთვის მზად არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უეფას ერთა ლიგის მორიგი გათამაშება გამარჯვებით დავიწყეთ. ხვალ ვხვდებით ჩრდილოეთ მაკედონიის ძალიან ძლიერ გუნდს, მაგრამ მატჩისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ მეორე მოგებისთვის“, - განაცხადა ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს კარგი ამბავიც ახარა. მისი თქმით, ვაკო გვილია, რომელმაც ესტონეთთან მატჩი გამოტოვა, უკვე ფორმაშია და ხვალინდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

© photo: Georgian Football Federation / FBსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში
ვლადიმირ ვაისი: მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში

ვაისი ცალკე შეეხო ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს.

„ხვიჩა უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის - სლუცკის ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს“, - ასე დაახასიათა კვარაცხელიას თამაში ვაისმა.

ვაისმა ისაუბრა გიორგი ჩაკვეტაძეზეც, რომელიც ტურნირის წინა გათამაშების დროს ეროვნული გუნდის ნამდვილი გმირი გახდა.

„ორი წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალისთვის ბელარუსის წინააღმდეგ საჭირო კონდიციას მიაღწევს“, - აღნიშნა ვაისმა.

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში
ვლადიმირ ვაისი: მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვარჯიში

რაც შეეხება ნახევარფინალს ბელარუსთან, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, ამაზე ადრეა საუბარი - ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანია ხვალინდელი თამაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვეა დარჩენილი, მანამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აღნიშნა მან. მაგრამ ოთხივე გუნდს - საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს - თანაბარი შანსი აქვს, თითოს 25%. და, როგორც აღნიშნა ვაისმა, როდესაც გაირკვევიან ფინალისტები, ორივეს მოგების შანსი 50% იქნება.

საქართველოს ნაკრებმა, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიამ, უეფას ერთა ლიგაში წლევანდელი ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ვაისის გუნდმა გასვლაზე ესტონეთს ანგარიშით 1:0 მოუგო, მაკედონიელები კი სომხეთზე ძლიერები აღმოჩნდნენ (2:1). ამგვარად, ხვალინდელ მატჩში ერთმანეთს С დივიზიონის მეორე ჯგუფის ლიდერები შეხვდებიან.

უეფას ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0