15:16 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
ოლიმპიადა 1980 (15)
25410

ცნობილი ქართველი მეღვინე ბონდო კალანდაძე „Sputnik-საქართველოს“ იმ სასმელებზე ესაუბრა, რომლებმაც მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ფურორი მოახდინა.

გურული, ხასიათი – ნორდიული — ასე ახასიათებს თავს დამსახურებული ქართველი მეღვინე, ლევ გოლიცინის ორდენის კავალერი, ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე, ღვინის კომპანია GWS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბონდო კალანდაძე. „რატომ ნორდიული, იცით?“ — სვამს კითხვას და თავადვე პასუხობს: „იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობ ნარდს“.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ალკოჰოლური სასმელების ქარხანაში დაიწყო. მალევე დანიშნეს საამქროს უფროსად. როგორც ამბობს, სწორედ მაშინ შეეყარა „ვირუსი“, რომელიც „კოვიდზე“ ძლიერია.

— ვირუსს მაგარი ალკოჰოლური სასმელების სიყვარული ჰქვია. მსოფლიოში არსებობს ვირუსისგან თავისუფალი მხოლოდ სამი „მწვანე ზონა“ — კახეთი, გურია და რაჭა. არ გაგეცინოთ, სერიოზულად გეუბნებით. იცით, რა არის ამის საიდუმლო? კახეთში ღვინოს ქვევრიდან სვამენ, რაჭაში „ხვანჭკარას“ წურავენ, გურიაში კი „ადესას“.

ბონდო კალანდაძე უკვე 55 წელია, რაც ღვინოსა და არაყს ამზადებს.

— ჩემ სიცოცხლეში იმდენი არაყი მაქვს დამზადებული, რამდენი წყალიც მოთავსდება თბილისის ზღვაში, — ამბობს ბონდო კალანდაძე.

მას ქართული ალკოჰოლური სასმელის 60-ზე მეტი რეცეპტი აქვს შექმნილი. კალანდაძის რეცეპტებით დამზადებული პროდუქცია ხარისხის გარანტად მიიჩნევა და არაერთ ქვეყანაში აქვს მედლები და დიპლომები მოპოვებული. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია არაყი სახელწოდებით „ტარხუნა“. ის 90-იანებში იყიდებოდა აშშ-ში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში, შემდეგ კი საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო და წარმოება შეჩერდა.

მისი ტექნოლოგიითვეა შექმნილი მეორე, არანაკლებ პოპულარული არაყი „მამონტი“. ის შვედი მეცნიერის, ბიზნესმენისა და ფილანტროპის ფრედერიკ პაულსენის დაკვეთით დამზადდა. ამჟამად იყიდება შვედეთში, რუსეთსა და საქართველოში და ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელადაა მიჩნეული.

ქართული სასმელი თავად ბახუსისგან

ქართული ღვინოები და სპირტიანი სასმელები ყველა დროში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა ეპოქაში მას პირველი ადგილი ეკავა კლასიკურ სამარკო ღვინოებს შორის. მოსკოვის ოლიმპიადაზე ყველაფერი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. საქართველოს, როგორც ღვინის მხარეს, დედაქალაქის სტუმრები და სპორტული დელეგაციების წევრები უნდა მოემარაგებინა ბახუსით.

— ალკოჰოლური სასმელების სია, რომლებიც საქართველოდან ოლიმპიადაზე იგზავნებოდა, კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჰქონდა, — ჰყვება ბონდო კალანდაძე. — ძნელია ასპროცენტიანი სიზუსტით იმის თქმა, მეტ ალკოჰოლურ სასმელს ვაწარმოებდით თუ არა ოლიმპიადისთვის მზადებისას. ამ ყველაფრით მაშინ დაკავებული იყო „სამტრესტი“. იგი პროდუქციას სპეციალურ ბაზაზე გზავნიდა. სამარკო ღვინოები და კონიაკი მოსკოვში ასე უბრალოდ არ იყიდებოდა, მხოლოდ დახლქვეშიდან. საუკეთესო ქართული ღვინო, კონიაკი და შამპანური იგზავნებოდა სპეციალურ ბაზაზე, რომელიც მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ეს ბაზა, თავის მხრივ, ამარაგებდა პროდუქციით პოლიტბიუროს წევრებს, მათ ოჯახებსა და სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც საბჭოთა კავშირში იმართებოდა. არც ერთი ღონისძიება, შეხვედრა არ ტარდებოდა ქართული პროდუქციის გარეშე. ვიცი, რომ „სამტრესტი“ რუსეთში გზავნიდა ოცამდე დასახელების ღვინოსა და ათი სახეობის კონიაკს. ქართული ღვინის გარდა, ოლიმპიადის სტუმრები სვამდნენ კონიაკსაც, რომელიც დავით სარაჯიშვილის ძველისძველ ქარხანაში მზადდებოდა.

დღეს ქარხნის საცავებში 16 ათასი მუხის კასრია გავსებული სხვადასხვა წლის დაძველების სპირტით. მათ შორის არის უნიკალური სპირტიც, რომელიც თავად დავით სარაჯიშვილის მიერაა გამოხდილი 1893 წელს.

— როგორც ჩანს, ჩვენმა ალკოჰოლურმა პროდუქციამ სტუმრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, — ამბობს ბატონი ბონდო. — ერთ ეპიზოდს გიამბობთ, რომელიც მოსკოვის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოხდა. ლონდონში ღვინის გამოფენაზე ვიმყოფებოდი. ქართული ღვინის სტენდთან მოდის ერთ-ერთი კანადური ტელეარხის ჟურნალისტი და ინგლისურად მეკითხება:

— ჯორჯია?

— დიახ, – ვპასუხობ.

— ატლანტა? — მეკითხება ეს ქალი, ამერიკის ჯორჯიის შტატს გულისხმობს.

— არა, ეს ჯორჯია მდებარეობს კავკასიაში, კასპიისა და შავ ზღვებს შორის... და ვიწყებ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ახსნას. შემდეგ ჟურნალისტი აზუსტებს, რომელია ყველაზე კარგი ღვინო, რაზეც ვპასუხობ: წითელი, საფერავი.

— ეს რა არის? — მეკითხება.

მე კი, უფრო ნათლად რომ აღვუწერო, ვეუბნები:

— ეს ქართული „ვიაგრაა“.

იცინის და მეუბნება:

— მაშინ ორი ბოთლი მომეცით — ერთი ქმრისთვის, მეორე — საყვარლისთვის.

© Sputnik / Vladimir Umikashvili
რაჭული ხვანჭკარა: ყველაზე ტკბილი ღვინო საქართველოს ულამაზესი მხარიდან

ქართული პასუხი ამერიკულ კოკა-კოლას

თუ მოსკოვის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, მწვრთნელებსა და მსაჯებს არავინ ზღუდავდა ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მხრივ, სპორტსმენებისთვის დალევა არ შეიძლებოდა. მათ მხოლოდ და მხოლოდ უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნების უფლებას აძლევდნენ. კოკა-კოლაზე გაზრდილ დასავლეთს სსრკ-ში შაბლონების სრული რღვევა ელოდა. ამ ქვეყანაში ხომ, როგორც უცხოელები ფიქრობდნენ, ვერ ამზადებდნენ ამერიკული კოლას მსგავს სასმელებს. მაგრამ სადილზეც და ვახშამზეც სპორტსმენების მაგიდებს ამშვენებდა „ლაღიძის წყლები“ და ცნობილი მინერალური წყალი „ბორჯომი“, თანაც „ქართული კოკა-კოლა“ მარტივად უწევდა კონკურენციას ამერიკულ ბრენდს.

ასეთ ისტორიას გიამბობთ: 1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად გამოუგზავნა 100 ბოთლი „კოკა-კოლა“. სტალინმა შეკრიბა პოლიტბიუროს წევრები და სასმელით გაუმასპინძლდა მათ. პარტიული მუშაკები ახალი სასმელის გემომ აღაფრთოვანა. საპასუხო საჩუქრის სახით გადაწყდა გაზიანი სასმელის გაგზავნა, რომელიც გემოვნური თვისებებით კოკა-კოლას აჯობებდა.

სიროფის შესაქმნელად, რომელიც არ ემსგავსებოდა არც ერთ წინა რეცეპტს, მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროს ლიმონათის გენიოსს შექმნილი ჰქონდა ასზე მეტი რეცეპტი. მიტროფანე ლაღიძის ლიმონათმა ამერიკაში ისეთი ფურორი მოახდინა, რომ ტრუმენი დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა ამ ლიმონათების იმპორტი აშშ-ში. საბჭოთა კავშირში ამ გაცვლას უწოდეს „პასუხი კოკა-კოლას“.

— ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოვლენებიდან მეხსიერებას შემორჩა ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალება და ბოიკოტი, რომელიც საბჭოთა კავშირს დასავლეთმა გამოუცხადა. — იხსენებს მეღვინე. — ბოიკოტი უკავშირდებოდა საბჭოთა ჯარის შესვლას ავღანეთში. ამერიკამ გადაწყვიტა, ოლიმპიადისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდა. ბევრმა ქვეყანამ აშშ-ის მაგალითს მიბაძა და ოლიმპიადაზე არ ჩამოვიდა. 

და ოლიმპიადისთვის დამზადებული მთელი საქონელი სარეალიზაციოდ საკურორტო ქალაქებში გაიგზავნა. ჩვენ სოჭში ვიყავით, როდესაც იქ მთელი ეს პროდუქცია შემოიტანეს: მარმელადი, ბონბონერები, სიგარეტები, სასმელები და სხვ. ჩვენ პირველად ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ფინური ლიქიორი და, რაც მთავარია, გავსინჯეთ.

ფინური ლიქიორი, ჰოლანდიური ყველი, ქილის ლუდი, ამერიკული სიგარეტი „ნიუპორტი“, „კენტი“, „ჩესტერფილდი“, „ქემელი“, ძეხვი „სალიამი“ და სხვა უცხოური ძვირადღირებული პროდუქციით გაივსო დედაქალაქის მაღაზიების დახლები. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა ისტორიაში შევიდა, როგორც სიუხვის ზაფხული. დედაქალაქის მცხოვრებნი კიდევ დიდხანს იხსენებდნენ უცხო პროდუქტების გემოს, სურნელსა და ფერებს.

ეს იყო შემთხვევით დამდგარი სამოთხე და პირველი ფანჯარა ევროპაში!

თემები:
ოლიმპიადა 1980 (15)

მთავარი თემები