საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

© Facebook / Fed Cup by BNP Paribasეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფედერაციის თასის გათამაშების მეორე შეხვედრაში ქართველი სპორტსმენები მოლდოველ ჩოგბურთელებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 5 თებერვალს გაიმართება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრებმა ჰელსინკიში გამართულ ჩოგბურთის ფედერაციის თასის მეორე ევრო-აფრიკული ჯგუფის სასტარტო მატჩში ისრაელის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:1.

კორტზე პირველი ეკატერინე გორგოძე (205-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) გავიდა, რომელიც ლინა გლუშკოს (636) შეხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:3, 4:6, 6:4.

Tali Tennis Centre-ის კორტებზე მეორე წყვილი შეადგინეს მარიამ ბოლქვაძემ (162) და ვლადა კატიჩმა (642). ამ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში შედგა, რომელიც ტაი-ბრეიკზე ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა. მეორე პარტია კი კატიჩმა 1:6 დათმო.

ასე რომ, ორი ინდივიდუალური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელის გუნდთან უკვე გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება წყვილების შეხვედრას, ოქსანა კალაშნიკოვასა და ზოზი ქარდავას დუეტი ლინა გლუშკო/შავით კიმჩის წყვილთან დაპირისპირებისას სამ სეტში დამარცხდა ანგარიშით 6:4 5:7 3:6.

А ჯგუფის მეორე მატჩში ტუნისის ნაკრებმა მოლდოვის გუნდი დაამარცხა. ქართველი სპორტსმენები კი ფედერაციის თასის მეორე დღეს სწორედ მოლდოვის გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო გუნდები ნახევარფინალში ხვდებიან, ორი ფინალისტი კი შემდეგ სეზონზე ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გასვლის გარანტიას იღებს.

В ჯგუფში, რომლის მატჩებიც ასევე ტარდება ჰელსინკიში, გამოდიან დანიის, პორტუგალიის, ფინეთისა და ეგვიპტის გუნდები.

ყველა ახალი ამბავი
0