თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

© photo: courtesy of Manana Toqmajishvili / FBთბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ტურნირზე სულ ექვსი (6!) გოლი გაიტანა, ალექსანდრე იაშვილმა - 8, ოთარ მარცვლაძემ - 2, დავით კვირკველიამ, ლაშა სალუქვაძემ და ლევან ცქიტიშვილმა - თითო-თითო.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ბერლინში მინი-საფეხბურთო ტრადიციულ ტურნირზე ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters თბილისის „‪დინამო“ კახა კალაძის კაპიტნობით ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირის ჩემპიონი ბერლინის „ჰერტა“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ტურნირზე სულ ექვსი (6!) გოლი გაიტანა, ალექსანდრე იაშვილმა - 8, ოთარ მარცვლაძემ - 2, დავით კვირკველიამ, ლაშა სალუქვაძემ და ლევან ცქიტიშვილმა - თითო-თითო.

გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ალექსანდრე იაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის პრიზთან ერთად, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

„ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც „დინამომ“ წარმატებით იასპარეზა, A ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია, გადამწყვეტ შეხვედრაში ჰერტასთან დავმარცხდით, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ”, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.

გუშინ „‪დინამომ“ კახა კალაძის კაპიტნობით ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ანგარიშით 2:3 წააგო.

დღეს ქართველმა ვეტერანებმა გელზერკირხენის „შალკესთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ანგარიშით 6:3 მოიგეს. კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა „შალკეს“ კარი 2-2-ჯერ აიღეს, თითო გოლი კი ოთარ მარცვალაძისა და დავით კვირკველიას ანგარიშზეა. ამ გამარჯვების წყალობით „დინამო“ ნახევარფინალში გავიდა.

ლეგენდების თასის ნახევარფინალში „დინამომ“ ბრემენის „ვერდერი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თავიდან გერმანელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ კახა კალაძის ჰეთ-თრიქით და ალესანდრე იაშვილის დუბლით თბილისელებმა 5:2 მოიგეს და მასტერსის ფინალში გავიდნენ.

ფინალში „დინამო“ თბილისი ბერლინის „ჰერთას“ შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც ლევან კობიაშვილს უნდა ეთამაშა. მაგრამ ტრავმის გამო მან ნახევარფინალი და ფინალიც გამოტოვა. ფინალში ბერლინელები 2:0 დაწინაურდნენ. მართალია, ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ჰერტამ“ ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა, მალე კიდევ ორი გაიტანა და 5:1 დაწინაურდა. თბილისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – გოლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, „ჰერტამ“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, 5:2 გაიმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდებმა სადებიუტო გამოსვლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობას რვა საფეხბურთო კლუბი იღებდა, აქედან შვიდი გერმანული გუნდია. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ასპარეზობდნენ.

კახა კალაძის გარდა, „დინამოს" შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

 

ყველა ახალი ამბავი
0