02:26 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
დავით კვაჭაძე

ძლიერები და წარმატებულები: საქართველოს საუკეთესო მოკრივეთა ხუთეული

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (40)
68 0 0

ყოველწლიურად 22 ივლისს აღინიშნება ჯერ კიდევ სრულიად „ახალგაზრდა“ დღესასწაული – კრივის საერთაშორისო დღე. სპორტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო თარიღების ჩამონათვალს კრივის დღე 2017 წელს შეემატა.

მართალია, კრივის საერთაშორისო დღე ორიოდე წლის წინ დაწესდა, მაგრამ თავად სპორტის ეს სახეობა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებობდა.

ამ დღის პატივსაცემად „Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა, მკითხველს ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართველი მოკრივეების შესახებ უამბოს.

დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძე პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც ქვემძიმე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

იგი 1951 წელს თბილისში დაიბადა. ვარჯიში 1963 წელს დაიწყო, 1971 წელს სპორტულ საზოგადოება „ქარიშხალაში“ მოხვდა. ჩემპიონატებისთვის მზადებაში მას აქტიურად ეხმარებოდა ძმა როლანდ კვაჭაძე – მომავალში საქართველოს მოკრივეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. დავით კვაჭაძეს გამართული აქვს 180 ბრძოლა და აქედან მოგებული – 165.

ვლადიმერ ჭანტურია

2000 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვლადიმერ ჭანტურია 1978 წელს ფოთში დაიბადა.

საერთაშორისო ასპარეზზე 1996 წლიდან გამოჩნდა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰავანაში 81 კგ წონით კატეგორიაში მესამე რაუნდში მსაჯის გადაწყვეტილების შედეგად დამარცხდა გერმანელ კოდორ ზახერთან. მომდევნო ტურნირზე უკვე 91 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა, მაგრამ კვლავ წარუმატებლად. მოგვიანებით, რამდენიმე ბრძოლის მოგების შემდეგ, +91 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 2006 წელს პროფესიონალურ კრივში გადავიდა და მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჭანტურიას პროფესიული კარიერის განმავლობაში გამართული 15 ბრძოლიდან მოგებული აქვს 13, აქედან 9 ნოკაუტით დასრულდა.

რამაზ ფალიანი

რამაზ ფალიანი – მსუბუქ წონით კატეგორიებში მოასპარეზე მოკრივეა. იგი 1973 წელს მესტიაში დაიბადა. კრივში აქტიურად ჩაება 13 წლის ასაკიდან. მისი ძმები, ზურაბი და შალვა ასევე წარმატებული მოკრივეები არიან.

მის გამარჯვებათა ნუსხა ვრცელია: სხვადასხვა დროს იგი ბრძოლებში მონაწილეობდა როგორც სსრკ-ის, დსთ-ის, საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის ნაკრებების წევრი. ფალიანი სამი ოლიმპიადის მონაწილე, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, სხვადასხვა ეროვნული პირველობის გამარჯვებული და სპორტის დამსახურებული ოსტატია. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ფალიანს 16-დან 14 ბრძოლა აქვს მოგებული, ნოკაუტით დასრულდა 8.

ავთანდილ ხურციძე

საშუალო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ხურციძე 1979 წელს ქუთაისში დაიბადა. პროფესიონალური კარიერა 2002 წელს დაიწყო, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თავისი თანამემამულე გიორგი ყანჩაველი.

ხურციძის ტიტულების სია საკმაოდ შთამბეჭდავია: იგი არის IBO (კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, WBO (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიით - მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი, WBC Silver (მსოფლიო კრივის საბჭო) – 2011 წელს და WBA Inter-Continental (მსოფლიო კრივის ასოციაცია) – 2008-2010 წლებში საშუალო წონით კატეგორიაში. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მან 37 ბრძოლიდან 33 მოიგო, ნოკაუტით დაასრულა 22. 

2017 წლის დასაწყისში დანიშნული იყო ხურციძის ორთაბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან, მაგრამ მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდა. ბრძოლა არ შედგა, ვინაიდან ქართველი მოკრივე აღმოჩნდა ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ეჭვმიტანილ იმ 33 მოქალაქეს შორის, რომლებიც აშშ-ში დააკავეს.

გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი 1974 წელს ვარიანში დაიბადა. კანდელაკი 1997 წლის მსოფლიოს ჩემპიონია +91 კგ წონით კატეგორიაში და 1993 წლის ევროპის ჩემპიონი 91 კგ წონით კატეგორიაში. ის არის ასევე 2002-2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონი WBU (მსოფლიო კრივის კავშირი) ვერსიით.

გიორგი კანდელაკმა კრივში ვარჯიში მამის ხელმძღვანელობით სოფელშივე დაიწყო. მაშინ კრივი მისი ოცნების სფერო არ ყოფილა, გატაცებული იყო თევზაობითა და ნადირობით. თუმცა მალე ვარჯიშებიდან სიამოვნების მიღება ისწავლა და ახალგაზრდულ შეჯიბრებებში გამარჯვებასაც არაერთხელ მიაღწია. საოცარია, მაგრამ პროფესიონალური კარიერის მანძილზე მას არც ერთი მარცხი არ განუცდია. სულ ჩატარებული აქვს 24 ორთაბრძოლა, აქედან ნოკაუტით დასრულებული – 18.

თემები:
საქართველოს სიამაყე (40)

მთავარი თემები