თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აზერებაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ხოლო 97 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ელიზბარ ოდიკაძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 4:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ამ დროისათვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჯამში 24 მედალია და ამ მაჩვენებლით საქართველო საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.
ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, 28 ივნისს მინსკის ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან და წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. საქართველოს სახელით დათო ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გელა ბოლქვაძე (77 კგ) იჭიდავებენ.
ასპარეზობა 12:00 საათზე დაიწყება.