თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვალერი იაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სენსაციამდე ერთი ნაბიჯი: თბილისის გრან–პრი ძიუდოში >>
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში იაშვილმა მონღოლ ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა. ქართველმა ვაზარი მიიღო, შემდეგ კი აშკარად დროის გაწელვა დაიწყო, რისთვისაც გაფრთხილება მიიღო. თუმცა, მონღოლმა ძიუდოისტმა იაშვილი მაინც ვერ დაამარცხა და ბრინჯაოს ჯილდო ტურნირის მასპინძელს ერგო.
საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე ეს მედალი მეხუთე გახდა. პირველ საშეჯიბრო დღეს თბილისის გრან-პრის ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ვერცხლის პრიზიორი - გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ხოლო ბრინჯაოს ჯილდოები ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ) დაისაკუთრეს.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რუსმა დენის იარცევმა, რომელმაც ბერძენ გეორგიოს მარკარიანს აჯობა. რუსეთის ნაკრებისთვის ეს მედალი თბილისის გრან-პრიზე პირველია.
რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, ის გახდა საფრანგეთის წარმომადგენელი გუილომ ჩეინი, რომელმაც ფინალში კუბელ მაგდიელ ესტრადუს ვაზარით მოუგო.