თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე „მილანის" გუნდში ითამაშებს საქველმოქმედო მატჩში „ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელიც 23 მარტს „ენფილდზე" გაიმართება, ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის" საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კალაძესთან ერთად მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომელთა გვერდით ქართველმა მცველმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ესენი არიან წარსული წლების ლეგენდები პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო, კაკა, ჯენარო გატუზო, რუი კოშტა, იააპ სტამი და სხვა.
არანაკლებ ვარსკვლავური შემადგენლობისა იქნება „ლივერპული": რობი ფაულერი, ჯეიმი კარაგერი, დირკ კიუიტი, სტივ მაკმანამანი, დანი აგერა, სამი ჰიუიპია, ეჟი დუდეკი, ვლადიმირ შმიცერი და სხვა სახელგანთქმული ვეტერანები.
მატჩი ორგანიზებულია „ლივერპულთან" შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია LFC Foundation-ის მიერ. შემოსული თანხა ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხება.
ფეხბურთელების უმრავლესობა მონაწილეობდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში – 2005 და 2007 წლებში. პირველად „ლივერპულმა“ გაიმარჯვა, ხოლო ორი წლის შემდეგ – „მილანმა“.