ქართველმა ჩოგბურთელმა Australian Open-ზე გამოსვლა დაასრულა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა გამოიმუშავა 105 ათასი დოლარი საპრიზო თანხა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-20 ნომერი) „დიდი სლემის" სერიიდან Australian Open-ის ტურნირის 1/8 ფინალში ვერ გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

მესამე რაუნდის მატჩში, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასთან (მე-15) ოთხ სეტში წააგო – 3:6, 6:3, 6:7, 4:6.

მატჩის გაანალიზებისა და შეჯამების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ თამაში ბასილაშვილმა უფრო წააგო, ვიდრე ციციპასმა მოიგო. ქართველი სპორტსმენი მეტად აქტიურობდა კორტზე, რაზეც მისი მოგებული 56 ქულა მეტყველებს (მეტოქეს – 36 ქულა). სხვა საქმეა, რომ ბასილაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა სიტუაციებში, როდესაც ამ შეცდომების აცილება შეიძლებოდა – 51 24-ის წინააღმდეგ. ეს გახდა ძირითადი ფაქტორი იმისა, რომ მატჩი ბერძენმა ჩოგბურთელმა მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილის ახალი რეკორდი - ქართველი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ოცეულშია

„ბასილაშვილის წინააღმდეგ თამაში რთული იყო. ის ბევრი სხვა ჩოგბურთელისგან განსხვავდება. მას შესანიშნავად დაყენებული ფორჰენდი და ჩაწოდება აქვს. საკმაოდ ბევრი დრო დამჭირდა, რომ მის თამაშს მივჩვეოდი, მაგრამ საბოლოოდ ეს შევძელი და გავიმარჯვე", – განაცხადა ციციპასმა მატჩის შემდეგ. ბერძენი ჩოგბურთელი მეოთხე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

მიუხედავად დამარცხებისა, ბასილაშვილმა შეძლო სარეიტინგო 90 ქულის დაცვა, რომელიც მან შარშან Australian Open-ზე გამოიმუშავა. ასევე გამოიმუშავა 105 ათასი დოლარი საპრიზო.

Australian Open 27 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 30 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ ნაკლებია. მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.

ყველა ახალი ამბავი
0