09:57 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ხელბურთელი- ალექსანდრე ანპილოგოვი

ლესელიძის პლაჟიდან მონრეალის ოლიმპიურ ოქრომდე

http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=38&info_id=525
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
6111

 ალექსანდრე ჩიქვანაია

 უფროსი დის წაბაძვით დაიწყო ვარჯიში. უნდოდა დაემტკიცებინა, რომ არავისზე ნაკლები არ იყო. რამდენიმე თვიანი წვალების შემდეგ, ყოველ დილას, 220 ბუქნს აკეთებდა და გადაწყვიტა, რომ მისი დროც დადგა. მეგობართან ერთად ხელბურთის სექციაზე მივიდა. მეგობარი აიყვანეს, ის — არა. ამის მერე ყოველ დღე მიდიოდა დარბაზში, ტრიბუნაზე იჯდა და თავისთვის იცრემლებოდა. ბოლოს და ბოლოს გული აუჩუყდა დიდებულ პიროვნებას, ჯანო ბაგრატიონს და  გუნდში აიყვანა: იარე ვარჯიშებზე, თუ დამიჭერენ, ჯანდაბას ჩემი თავიო?! საქმე ის იყო, რომ თითქმის ორმეტრიანი ყმაწვილი, სულ რაღაც 46 კილოგრამს იწონიდა. ამხანაგები დასცინოდნენ, დისტროფიკს ეძახდნენ. სამი წელი აქეთ თავად წვალობდა, იქით ჯანო ბაგრატიონი, რომელიც ჯიუტად რაღაცას ელოდა, რაღაცის იმედი ჰქონდა.

 იმ ზაფხულს, 19 წლის ალექსანდრე ანპილოგოვი მოკრივე ბიძაშვილმა ზღვაზე  სავარჯიშოდ წაიყვანა და დაავალა, რაც ნაპირზე ქვები იყო ზღვაში გადაეყარა. ორთვიანი წამების შემდეგ, თბილისში დაბრუნებული, პირველივე ვარჯიშზე სხვებზე ადრე მივიდა, ცხრამეტრიან ნიშნულზე დადგა და კარისკენ რამდენჯერმე დაარტყა. ცარიელ დარბაზში ბაგრატიონის ხმა გაისმა: „როგორც იქნა, რამდენი ხანია მაგას ველოდებიო“. იმ დროს უკვე ორ მეტრს აჭარბებდა სიმაღლეში და წონაც 80 კილომდე აიყვანა. მალე თბილისის „ბურევესტნიკში“ ჩაირიცხა და აქ ქართული ხელბურთის კიდევ ერთი ლეგენდა დაუდგა გვერდში – ანპილოგოვის დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში იმედო ფხაკაძემ გადამწყვეტი სიტყვა თქვა. მონრეალის ოლიმპიადისთვის მზადებისას, ნაკრებში მისი აყვანა, სწორედ მისი დამსახურებაა, ეს ერთგვარი ავანსი და რისკი იყო, მაგრამ ფხაკაძეს მისი სჯეროდა.

ისევ ზღვისპირეთი, ლესელიძეში „დინამოს“ ბაზაზე ასეთი პირობით ჩავიდნენ: თუ ვინმეს ლიმონათი მოუნდებოდა საშას უნდა მოეტანა. პლაჟიდან მაღაზიამდე 2 კილომეტრი იყო და ეს გზა სირბილით უნდა დაეფარა. მერე  ზურგზე ტვირთმოკიდებულს, მონაცვლეობით  უნდა ეხტუნავა ერთი ფეხიდან მეორეზე, საღამოს კი სატრენაჟორო დარბაზი და შტანგა ელოდა. ანპილოგოვის წამებას ლეგენდარული გივი კარტოზია შეესწრო და იმედოს უთხრა: შენ ან მოკლავ ამ ბიჭს ან დიდ სპორტსმენად აქცევო.

 გადარჩა! მალე ნაკრებისკენ და დიდებისკენ გზაც ხსნილი იყო.

 წლების მერე, გერმანიაში მცხოვრები საშა ასე იხსენებდა საბჭოთა ნაკრებში თავის პირველ ნაბიჯებს: წარმოიდგინეთ, 21 წლის ბიჭს გუნდში დამხვდნენ ხელბურთის დიდოსტატები კლიმოვი, მაქსიმოვი, გასიი, იშჩენკო, ამათ ჯემალ ცერცვაძის გვერდით ეთამაშათ და უფლება არ მომცეს ჩემზე გაცემული ავანსი არ გამემართლებინა. ოლიმპიადისწინა ბოლო შეკრებაზე, ავსტრიასთან მატჩის წინ, მაქსიმოვი მეუბნება: ეი, შენ, გრძელო,  იქ, შენთან „ბურევესტნიკში“ რას აკეთებ? ვისვრი მეთქი ვუპასუხე. ჰოდა, აქ ვინ დაგიშალა მაგის გაკეთებაო. იმ შეხვედრაში პირველად გავთამამდი და ხუთი გოლიც გავიტანე. მართალია, ცხვირიც გამიტეხეს, მაგრამ მაგას აღარ ვჩიოდი.

 მონრეალის ოლიმპიადამ ნაკრების ტრიუმფით ჩაიარა. ამ წარმატებაში საშა ანპილოგოვს დიდი დამსახურება მიუძღვის. იმ დროს, ის ერთადერთი ახერხებდა ცხრამეტრიანი ნიშნულიდან მეტოქის კარის დალაშქვრას. მთელი კარიერის მანძილზე, ეს მისი კოზირი იყო. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაურჩენია გუნდი ბოლო წამებზე ცხრა მეტრიდან გატანილი გოლებით. მონრეალის შემდეგ ის უკვე თავად იყო ლეგენდა. ოლიმპიურ ოქროს მოჰყვა ვერცხლის მედალი მოსკოვის თამაშებზე და მსოფლიოს ჩემპიონის ოქრო-ვერცხლის მედალი  1978 და 1982 წლებში. როდესაც ჰკითხეს, ასეთმა წარმატებამ ხომ არ გაგათამამაო, უპასუხა: „დინამოს“ სტადიონის გახსნაზე გვთხოვეს მედლებით მივსულიყავით, ჩამოვიკიდე ეს ჯინჯილები და ჩემს გვერდით ვიქტორ სანეევს გავხედე, მთელი მკერდი დაფარული ჰქონდა. ვკითხე: ვიტია, სულ რამდენი გაქვს-მეთქი და რა ვიცი, ჩემოდანში ერთი 30-40 კილო კიდევ იქნებაო. ასეთი ადამიანის გვერდით მე ცხვირის აწევის უფლება ვინ მომცაო.

დიდი სპორტიდან ექვსი წლის წასულს, გერმანიაში თამაში სთხოვეს და ყველას გასაკვირად ისევ უმაღლეს დონეზე ითამაშა. მართალია, ის სისწრაფე აღარ ჰქონდა, სამაგიეროდ, სიბრძნე, გამოცდილება და კლასი არ დაუკარგავს.

დღესაც გერმანიაშია, ასე ამბობს, შვილებს ფეხზე დავაყენებ და მერე სამშობლოში დავბრუნდები, ჩემი ძვლები მამაჩემის გვერდით უნდა დაიმარხოსო. მანამდე ჯვარი სწერია!


მთავარი თემები