14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი
17:21 12.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023)
გამოწერა
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო მიიღო. შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
კერძოდ:
- შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
- სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
- იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
- კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
- საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებსაც;
- ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
- ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;
- მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;
ამას გარდა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოვიდა რეკომენდაციით – სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.