პოლიციამ ჟურნალისტებზე მოძალადე კიდევ ორი პირი დააკავა

© Sputnik / STRINGERდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა „TV პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება 2021 წლის 6 ივლისს - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
5 ივლისის აქციაზე „პირველი არხის“ ნაცემი ოპერატორი ცალი თვალით დაბრმავდა
უწყების ცნობით, მეორე ბრალდებულმა კი იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლებით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.
ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი.
- „თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი;
- მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია ერთი პირი.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0