მომღერალმა დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადეს. ქორწილს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.
ცნობილი მომღერალი დათო ხუჯაძე რამდენიმე თვის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე პროფესიით მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.
როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუჯაძე წლების წინ, მოსკოვში ცხოვრებისას უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში. მომღერალი ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ნათესავზე ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მალე ერთმანეთს დაშორდნენ და ყოფილი ცოლი საერთო შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა. მოგვიანებით ურთიერთობები დაალაგეს და მომღერალი ხშირად ხედავს გოგონას.
დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი.
თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.