05:52 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

უახლოეს მომავალში საკოორდინაციო საბჭო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების საკითხს განიხილავს.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, შესაძლოა ე.წ. მწვანე სტატუსი მიენიჭოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე აჭარისა და გურიის რეგიონში სამედიცინო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

„დღესაც და გუშინაც აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათების საკითხზე იმსჯელებს.

„საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 202.314 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 63.832 ადამიანი. ბოლო 24 საათში აიცრა 5.283 ადამიანი.

დღეისათვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის 1,6%.

მთავარი თემები